ავტორი: ნინი შველიძე
“უარყოფითი რიცხვები” რეჟისორ უტა ბერიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის ქართული პრემიერა თბილისის კინოფესტივალზე, მსოფლიო პრემიერა კი საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ფილმს საქართველოში პირველ Drive-in კინოთეატრში, კავეა Drive-in სინემაში, ლისის ახალ იპოდრომზე აჩვენებენ.
„უარყოფითი რიცხვები” მაყურებელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოზარდების წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების შესახებ უამბობს, რომელშიც წვლილი კრიმინალურ კულტურას, იერარქიულ სისტემასა და რაგბს შეაქვს. „უარყოფითი რიცხვები“ დოკუმენტური მასალით იწყება, სადაც მთხრობელი “კრიმინალურ მენტალიტეტს“ ახსენებს, მოგვიანებით მაყურებელი არასრულწლოვანთა კოლონიის კრიმინალური ამბების თვითმხილველი ხდება.
ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნება, საქართველოს რაგბის კავშირისა და Unicef-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც 2010 წელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხორციელდებოდა. გადაღებები ავჭალის ყოფილი მე-10 საპყრობილის, არასრულწლოვანთა კოლონიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
გთავაზობთ ინტერვიუს “უარყოფითი რიცხვების” რეჟისორ უტა ბერიასთან.
რამ გიბიძგათ, მიბრუნებოდით თემას, რომელიც ქართულ კინოში პერიოდულად სხვადასხვა ფორმით ჩნდება?
ფილმის გადაღების იდეა გიორგი დუჩიძეს გაუჩნდა, რომლის მეგობრებიც, ლექსო გუგავა და ნონო ანდღულაძე არასრულწლოვანთა კოლონიაში მოზარდებს რაგბში ავარჯიშებდნენ. ფილმისთვის სცენარის დაწერა მათ შემომთავაზეს. რადგანაც ორ სამყაროს შორის კონფლიქტი დავინახე, რომელიც დრამატურგიულად საინტერესოა, სცენარზე მუშაობა დავიწყე.
როგორ მოახერხეთ ამბების მოძიება, სცენარის წერას წინ რა მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა?
თემაზე უამრავი მასალა არსებობდა, საქმეები და ფსიქოლოგიური კვლევები, ანალიზი, ვთქვათ, კოლონიაში ცხოვრების 2-წლიანი პერიოდის. რადგან ლექსო და ნონო კოლონიაში მოზარდებთან მუშაობდნენ, მათთვის და მათ მიერ მოყოლილი ამბები გამოვიყენე, ასევე არალიტერატურული ჩანაწერები. როცა სცენარზე დავიწყე მუშაობა, პირდაპირი შეხება კრიმინალურ სამყაროსთან მქონდა. მსგავს სამყაროსთან შეხება ჩემი ასაკის ყველა ბიჭს ჰქონია. სოციალურ თემაზე საუბრისას მთავარია თვითონ გეხებოდეს პრობლემა, თუ ვინმე ისე ცხოვრობს, რომ მას სოციალური პრობლემები საერთოდ არ ეხება, ეს უკვე საინტერესო პრობლემაა, რომელიც ასევე იწვევს ინსპირაციას. როცა საკუთარი პროფესია, როგორც მოქალაქეს, ადამიანს საშუალებას გაძლევს, გქონდეს რეაქცია, მუხტისმომცემია დაიხარჯო, მაგალითად, სცენარზე 5 წლის მანძილზე შეძლო მუშაობა.
ფილმი რეალურ ამბებს ეფუძნება, თუმცა შენს გარშემო მიმდინარე ამბები რამდენად გაბრუნებს ფილმთან?
მაბრუნებს, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ მრჩება. ახალ სცენარზე ვმუშაობ, რაც რეალობის კავშირების ძებნას ახალ ამბებთან ითხოვს. გარშემო ხშირად მეუბნებიან, რომ ფილმი აქტუალურია. „უარყოფითი რიცხვები” ამ განცდას ტოვებს, რადგან ფილმში რეალური ამბები ერთიანდება.
რა დოზითაა ფილმი მხატვრული ან დოკუმენტური, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოქმედებები ყოფილ კოლონიაში ხდება?
ფულის მოძიების გარდა მნიშვნელოვანი ლოკაციის შერჩევა იყო. ფილმის ყოფილ არასრულწლოვანთა კოლონიაში გადაღებაში პროდიუსერი დაგვეხმარა. გადაღების ბედი ლოკაციამ გადაწყვიტა. ადგილზე მხოლოდ ჩამონგრეული შენობა, ღობე და ხეები დაგვხვდა. რადგან კადრის მხატვრობა არ გვქონდა, სივრცე მხატვარმა გააცოცხლა. ფილმის მხატვარი ასევე სცენოგრაფია, კვლევის პარალელურად, სივრცის აღსადგენად ოფისში მაკეტს ამზადებდა. დოკუმენტურობას იმით მივაღწიეთ, რომ მიზანსცენა მიზანსცენით არ დაგვიდგამს, დამოკიდებული ვიყავით იმაზე როგორ განვითარდებოდა მოქმედება. ოპერატორი მუდმივად ეძებდა წერტილს, რომლიდანაც მოქმედება დადგმული არ იქნებოდა, რამაც მეტი დამაჯერებლობა და რეალობის განცდა მოიტანა. ფილმის გმირები ოპერატორის ან რეჟისორის ხელში მარიონეტები არ არიან.
რთული იყო, თუმცა გადაღებებისთვის ისე მოვემზადე, როგორც გამოცდისთვის. ჩართული ვიყავი პროექტ “კინო სკოლაში”, სადაც ურთიერთობები მოზარდებთან მქონდა. ფილმის გმირებმა ერთმანეთი რაგბის თამაშით გაიცნეს, რამაც ბიჭები დაამეგობრა. გადაღებები რთული იყო, 38 დღეს გაგრძელდა, თანდათან ყველაფერი რეალურ ციხეს ემსგავსებოდა. ალუდა ქეთელაურისა და ბუნტის სცენა გვიან გადავიღეთ, როცა ბიჭები ციხეს ლეწავენ, ისინი ყველაფერს ნამდვილად ამტვრევდნენ. არაპროფესიონალები ნელნელა იჯერებდნენ ვინ იყვნენ, ამიტომ მათ მეტი დრო დასჭირდათ. ფილმის კასტინგი 1 წელს გაგრძელდა, გმირები ისე შევარჩიეთ, რომ არაპროფესიონალი მსახიობებიდან სხვა როლი არავის უთამაშია, პროფესიონალ მსახიობებს განსხვავებული დავალება ჰქონდათ, ზოგიერთ მათგანს გარდასახვა და თავისი ბუნებრივი მოქმედებების სხვა მდგომარეობაში გადატანა მოუხდა.
ფილმში ორი წამყვანი ხაზია. ამბოხება, რომელიც კოლონიაში ხელოვნურად უნდა მოხდეს და გმირი, რომელშიც ამბოხებული ნაბიჯ-ნაბიჯ იბადება. რეალური ამბოხის წინაპირობა რა ხდება?
დრამატურგიულად ფილმში მთავარი გმირის მეტამორფოზა სხვა გმირების ამბების გადააზრებით ხდება, რაც დამაჯერებელი მხოლოდ სხვა გმირების გამართული აბების ხარჯზე იქნებოდა. დრამატურგიული ჩონჩხი სიყვარულის, გაწირვის, ღალატის, უფრო დიდის, ძლიერის თამაშზე დგას, მიბაძვის, რელიგიის, რწმენის ამბებზე. ყველა ეს ამბავი მთავარ გმირს თავდაყირა უტრიალდება. ყველაზე ახლო მეგობარი მისი მტერი ხდება, ვისიც სჯერა ატყუებს, ვინც უყვარს მისი სიყვარული აღარ შეუძლია, ვისზეც ზრუნავს, შემოაკვდება. მენტალიტეტის ცვლილება დამაჯერებელი ამის შემდეგაა. მოგვიანებით იწყება სისტემის წინააღმდეგ ამბოხება, რადგან მთავარი გმირი სისტემის ნაწილია, კარგად იცის როგორ მუშაობს სისტემა, რომლის მსხვერპლიცაა. გმირი იაზრებს, რომ თანამონაწილეა, სისტემის მშენებლობაში წვლილი თვითონაც მიუძღვის, ამიტომ სისტემასთან წინააღმდეგ ამბოხებით საკუთარ თავსაც უპირისპირდება.
ფილმში ჩნდება ისეთი ხისტი სპორტი, როგორიც რაგბია, თუმცა სიმსუბუქის განცდა ნარჩუნდება. რაგბი „უარყოფით რიცხვებში“ ბრაზისგან გათავისუფლების საშუალებააა?
ფიზიკის კანონების მიხედვით, ჩაკეტილ სისტემაში ენერგია მუდმივია, ერთადერთი რასაც განიცდის, ფორმის ცვლილებაა. რეალურად, როგორც ცხოვრებაში, ბუნტისთვის საჭირო ენერგია ფილმშიც რაგბში იხარჯება, სადაც შემოდის მორალური კანონები. ფილმში ჯერ ენერგიას ხარჯავენ, დარბიან, შემდეგ რაგბის მორალური კანონები ჩნდება, რაც გმირებს რეალობასთან კონფლიქტში ამყოფებთ, კონფლიქტში კი ფიქრი იწყება. მორალური და მენტალური ფაქტორი ერთად მუშაობს, რადგან ენერგიის სპორტში გახაჯვა საკმარისი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი კოლონიის სივრცეს არ სცილდება, არაერთი თემა შემოდის, თვითმკვლელობა, რელიგიის მიერ უგულებელყოფა, იერარქიების არსებობა. ყველა ამ პრობლემას რეალურ ცხოვრებაში რა დოზით ხედავთ?
ფილმის გადაღებისას ჩემთვის მთავარი საინტერესო გმირები იყო. თემებზე არ ვფიქრობდი. „უარყოფითი რიცხვები” უშუალოდ ძალადობრივ იერარქიაზე აგებულ მენტალიტეტს ეხება, რომელიც უფროსების, ავტორიტეტების მიბაძვით იქმნება. სხვა თემების როლს ფილმში უფროსების მიბაძვით ნაკარნახევი ცხოვრების ნიუნსები თამაშობდა. ყველა თემა ჩაგვრის კონტექსტში შემოდის: მთავარი გმირი ჩაგვრას ეგუება თუ არა, უპირისპირდება თუ არ უპირისპირდება.
მომავალ გეგმებზე მინდა გკითხოთ, ახალ სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყეთ. გარშემო მიმდინარე მოვლენებს მომავალ ფილმში რა როლი ენიჭება?
შემდეგი ფილმი აქციებზე იქნება, რეალურ ფაქტებზე. საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ჩემთვის საინტერესო რამდენიმე აქცია და მასზე მიმდინარე მოვლენები ერთი გმირის გარშემო გაერთიანდება, რომელიც მხატვრული კინოს გმირია, თუმცა პროტოტიპი რეალურ ცხოვრებაში ჰყავს. ამ შემთხვევაშიც ყველაფრის უკან რეალური ამბავია. ახლა იმ პროცესში ვარ, როცა რეალური ფაქტი თავისი მოცემულობით მაქვს და გმირიც მყავს, რომელიც განიცდის შარშან ან 30 წლის უკან მომხდარი მოვლენების გავლენას. ვმუშაობ იმაზე ამ ყველაფრის შედეგად როგორ ეცვლება ან არ ეცვლება გმირს მოტივაცია, რას კარნახობს ამბავი, რეალური მოვლენები როგორ ეხება.