ახალი ამბები

“უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში” — რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანულ დოკუმენტში

14 ივნისი, 2023 • 1645
“უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში” — რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანულ დოკუმენტში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნახსენებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში — საქართველო.

“ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობისა და თავისუფლების კუთხით გაერთიანებული ევროპა. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია გეოპოლიტიკურად იმოქმედოს და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის.

ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საქართველოს ჩათვლით”,  — ვკითხულობთ დოკუმენტში.

იქვე აღნიშნულია, რომ “ევროკავშირის ამ გაფართოებისთვის მოსამზადებლად და მისი მოქმედების უწყვეტი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის შიგნით რეფორმებია აუცილებელი”.

გასული წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია გადასცეს.

გერმანიის დოკუმენტი, რომელშიც საქართველო მოიხსენიეს, მიმოიხილავს ბერლინის საგარეო პოლიტიკას, რომელშიც უსაფრთხოების საკითხი უწინდელზე უფრო პრიორიტეტულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.

გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთი ევროპის უდიდეს გამოწვევად არის დასახელებული. იქვე ხაზგასმულია გერმანიის გათავისუფლების მნიშვნელობა რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან.

რაც შეეხება ჩინეთს, ის მოხსენიებულია ბერლინის “პარტნიორად, კონკურენტად და სისტემურ მეტოქედ”. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები ბოლო წლებში გაიზარდა; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევა ვერ გადაიჭრება”.

გერმანიის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას პირველად წარმოადგენს. ქვეყნის ხელისუფლებას აქამდეც შეუმუშავებია დოკუმენტები, რომლებიც უსაფრთხოების კომპონენტს მოიცავდა, თუმცა ეს არ ყოფილა ყოვლისმომცველი სტრატეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი