ახალი ამბებიკინოკომენტარი

„გვეუბნებიან, რომ უნდა გმართოთ აღსრულების სისტემიდან მოსულმა ადამიანმა” – ქეთი მაჭავარიანი

14 ივნისი, 2023 • 1836
„გვეუბნებიან, რომ უნდა გმართოთ აღსრულების სისტემიდან მოსულმა ადამიანმა” – ქეთი მაჭავარიანი

„დღეს თუ ნახეთ, რამხელა ერთიანობა იყო კინოსექტორში, ვინც ახლა აკეთებს კინოს. თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები შეიძლება დავასახელოთ, ვინც იქ არ გამოჩნდა, ალბათ იმათ თავიანთი გარიგებები აქვთ, დანარჩენი ერთ პოზიციაზეა. გვეუბნებიან, რომ უნდა გმართოთ პენიტენციური, აღსრულების სისტემიდან მოსულმა ადამიანმა და პარტიულმა იდეოლოგმა”, – ამბობს კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანი „ნეტგაზეთთან” საუბრისას კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე.

ქეთი მაჭავარიანი ასევე საუბრობს, რამდენად დამაბრკოლებელია მისთვის, როგორც რეჟისორისთვის, ცენტრში მიმდინარე პროცესები და რა საფრთხის წინაშე დგას ქართულ კინო კინოცენტრის რეორგანიზაციით:

„ეს პროცესები არის უკიდურესად დამაბრკოლებელი, პირველ რიგში, ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის. კინოცენტრი დააარსეს სამოციანელებმა – ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა და მათმა მოსწავლეებმა. დიდი გარღვევა იყო, როცა 2010 წელს თამარ ტატიშვილის დირექტორობის დროს საქართველო გახდა ევრიმაჟის წევრი და წვდომა მივიღეთ დიდ ევროპულ დაფინანსებაზე. მას მერე ბიუჯეტის გაზრდაზე გვაქვს ლაპარაკი, მაგრამ ახლა ბიუჯეტის გაზრდაზეც აღარ არის საუბარი ჩემი და ნესტან კვინიკაძის სცენარმა მოიგო საბერძნეთის მაუწყებლის საკმაოდ სოლიდური, ასეულ ათასი ევროს ოდენობით თანხა. იმისთვის, რომ ფილმს ჰქონდეს ქართული სტატუსი, ამისთვის სჭირდება ქართული ფული და კოპროდუქციის კონკურსი, რომელიც არ ჩატარებულა მესამე წელია. ზოგადად, ამ ევროპულ ოჯახში რომ მუშაობდეს ქართული კინო და იქიდანაც ვიღებდეთ დაფინანსებას, უნდა მივყვებოდეთ კონკრეტულ თარიღებს, უნდა ვიცოდეთ, რომელი კონკურსი რა დროს ცხადდება, რომ ვიყოთ ბმაში იქაურ კონკურსებთან. ეს ყველაფერი დიდი ხანია ნიველირებულია.

ერთი წელი კინოცენტრს მართავდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც როგორც კი მოვიდა, არსებული ჟიური პოლიტიკური ნიშნით გამოცვალა ისე, რომ არც გააგებინა. მერე დანიშნა მათი იდეოლოგები, პოლიტიზებული ადამიანები.  ახლა, ბოლოს სერიალების კონკურსი რომ ჩატარდა, დებულებაც კი შეცვალეს.  თავიდან ბოლომდე გაუმჭვირვალე პროცესებით ირგებენ კანონს, ჟიური ვინ მუშაობდა, საერთოდ უცნობი იყო. კინოცენტრის მთავარი პრინციპი იყო გამჭვირვალობა, ყოველთვის ვიცოდით, ვინ იყო კინოცენტრის ჟიურიში და რა პროექტები შედიოდა. ეს გამჭვირვალობა მთლიანად დაიკარგა.

ბოლო მოვლენები, რაც მოხდა, როცა დებულება შეცვალეს და გააუქმეს დირექტორის მოადგილის ადგილი. ნინო კუხალაშვილი, რომელიც დაარსების პირველი დღიდან მუშაობდა კინოცენტრში, რამდენი დირექტორი შეიცვალა, რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, ამდენი მინისტრის და კინოცენტრის დირექტორის პირობებში ნინო კუხალაშვილი იყო შეუცვლელი კადრი. ეს არის აბსოლუტურად შურისძიებაზე აწყობილი ერთი ქალის პოლიტიკა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმოქმედოს ბელორუსის მეთოდით, ბელორუსში ერთი რეჟისორი, ერთი მწერალი, ერთი მხატვარი, ერთი შემოქმედი, ვისაც ხმამაღალი სიტყვა შეუძლია ხალხს მიაწვდინოს, აღარ დარჩა. უნდა ალბათ, რომ  გავიქცეთ. იგივე, მე რომ გადავიღო კინო და ქართული კინოს სტატუსიც არ ჰქონდეს. ყველას გვეუბნება, წადით აქედან, ეს არის მისი მიზანი”, – ამბობს ქეთი მაჭავარიანი „ნეტგაზეთთან” საუბრისას.


რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი