საზოგადოება

“ჩემი თანამდებობა გაუქმდა, გამოცხადდა რეორგანიზაცია” — კინოცენტრის დირექტორის მოადგილე

11 ივნისი, 2023 • 3807
“ჩემი თანამდებობა გაუქმდა, გამოცხადდა რეორგანიზაცია” — კინოცენტრის დირექტორის მოადგილე

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები გაუქმდა, რის შედეგადაც 12 ივლისიდან თანამდებობების დატოვება მოუწევთ ნინო კუხალაშვილსა და მაკო ჭილაშვილს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ნინო კუხალაშვილმა დაუდასტურა.

როგორც კუხალაშვილი განმარტავს, ის კინოცენტრში დირექტორის მოადგილის თანამდებობას 2001 წლიდან იკავებდა, დღეს, 11 ივნისს კი განუცხადეს, რომ მისი თანამდებობა გაუქმებულია, ასევე სთხოვეს, მისულიყო კინოცენტრის შენობაში და ხელი მოეწერა რეორგანიზაციის თაობაზე გაფრთხილებაზე.

“მითხრეს, რომ დებულება შეიცვალა და თქვენი შტატები საერთოდ აღარ არსებობსო. საუბარს რომ მოვრჩი გადავამოწმე დებულება და ვნახე, რომ მართლაც გაუქმდა ჩვენი შტატები ორი დღის წინ, 9 ივნისს. ამ წუთას კინოცენტრს არ ჰყავს არც ერთი მოადგილე. ეს თანამდებობა საერთოდ აღარ არსებობს, ამოღებულია დებულებიდან.

რეორგანიზაციას რაც შეეხება, შტატების შემცირების გარდა ის ითვალისწინებს ჩამოქვეითებებს, სხვა თანამდებობაზე გადაყვანებს, სტრუქტურულ ცვლილებებს, სამსახურებისა და დეპარტამენტების შერწყმას და ა.შ. ეს ბრძანება ვრცელია და ყველაფერი წერია იქ. დეტალები არ ვიცი. ჯერ მხოლოდ მე და პირველ მოადგილეს შეგვეხმიანნენ. დანარჩენი დეტალები ხვალ, ორშაბათს გაირკვევა”, — განმარტავს კუხალაშვილი ნეტგაზეთთან.

კუხალაშვილის თქმით, პარასკევს, 9 ივნისს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურმა კინოცენტრის თანამშრომლებს ამცნო, რომ დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებდა კახა სიხარულიძე, რომელიც 2022 წლის მარტში ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით დაინიშნა და მის მოვალეობას კობა ხუბუნია შეასრულებდა, რომელიც, კუხალაშვილის თქმით, ერთი დღით ადრე დაინიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტალემტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

კუხალაშვილის ცნობით, სწორედ კობა ხუბუნია აწერს ხელს ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ.

კუხალაშვილი რეორგანიზაციის გამოცხადებას და შტატების გაუქმებას უკავშირებს კინოცენტრის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც უწყება წუხილს გამოთქვამდა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდა. აღნიშნული განცხადება მალევე გაქრა კინოცენტრის ვებ-გვერდიდან და ფეისბუკ გვერდებიდან:

“ბოლო წლებში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნაწილის ნდობა კინოცენტრისადმი საკმაოდ შერყეულია. ვინაიდან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულება, გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან“, – ნათქვამი იყო განცხადებაში [„პუბლიკას“ მიხედვით].

ამ განცხადებას წინ უძღოდა 2 ივნისს კინოცენტრის კრიტიკა “გოეთეს ინსტიტუტის” მიმართ, მანამდე თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო, რასაც კინოცენტრის თანამშრომლები გაემიჯნენ. ამ თანამშრომლებს შორის იყო ნინო კუხალაშვილიც.

“ფეისბუკზე [გაგა ჩხაიძის] მხარდამჭერი პოსტი დავწერეთ ოთხმა ადამიანმა და ამის შედეგ ცხადი იყო ამას რა შეიძლება მოჰყოლოდა. ამის შემდეგ, მეორე დღეს თანამშრომლების სახელითაც გავაკეთეთ განცხადება და ამ ოთხ ადამიანზე ზუსტად ვიცოდით, რა რეაქციაც იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს პირველ მოადგილესაც [მაკო ჭილაშვილი, რომელიც არ იყო ამ 4 ადამიანს შორის] არ აპატიეს ეს საერთო განცხადება და უთხრეს იგივე, რაც მე [შტატის გაუქმების შესახებ].

ალბათ ორშაბათს ყველა თანამშრომელს მოაწერინებენ ხელს რეორგანიზაციის შესახებ განცხადებაზე, თუმცა ვის დატოვებენ და ვის გაუშვებენ არ ვიცი. როგორც ვვარაუდობ, ვინც ხმა ამოიღო, იმათ არ დატოვებენ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ერთ სიტყვას არავის პატიობს [თეა წულუკიანი], მით უმეტეს, ასეთ საჯარო გამოსვლაზე საშინელი რეაქცია აქვთ”, — ამბობს კუხაშვილი “ნეტგაზეთთან”.

რეორგანიზაციის თაობაზე კინოცენტრის სხვა თანამშრომლებიც წერენ სოციალურ ქსელებში:

“მეგობრებო, კოლეგებო და უბრალოდ კინოსექტორის წარმომადგენლებო, კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა! ყველას მოგიწოდებთ დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ კინოცენტრის დასაცავად. წარმოდგენაც კი მიჭირს, ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყება და იმ ადამიანებს, ვისაც იოტისოდენა იმედი მაინც გაქვთ შემორჩენილი, რომ თქვენი სიჩუმის ან ნიჭის ხარჯზე დაფინანსებას აიღებთ, ძალიან ცდებით. ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გემსახურებიან(ფორმალურად მაინც) ახლა თქვენს იმედზე არიან. თუ კინოცენტრს დავთმობთ, ჩათვალეთ, რომ ეს ორგანიზაცია შეწყვეტს ფუნქციონირებას იმ ფორმით რა ფორმითაც არსებობდა და გახდება უბრალოდ კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი” — წერს ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან აბდუშელიშვილი, რომელიც 2 ივნისს გაგა ჩხეიძის შესახებ კინოცენტრის განცხადებას გაემიჯნა.

ნეტგაზეთი ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციისა და შტატების გაუქმების თაობაზე კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა პრესსამსახურში ჩვენს ზარს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობენ. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

გირჩევთ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი