ახალი ამბებიკინო

გადაწყვეტილება გაუმართლებელი და აცდენილია კინოცენტრის მისიას — დოკ. კინოს ასოციაცია

9 მაისი, 2023 • 912
გადაწყვეტილება გაუმართლებელი და აცდენილია კინოცენტრის მისიას — დოკ. კინოს ასოციაცია

დოკუმენტური კინოს ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სამი მინისერიალისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობით  სუბსიდიის დამტკიცებას:

„იმის გათვალისწინებით, რომ კინოწარმოების წლიური ბიუჯეტი სულ 6 მილიონი ლარია და საავტორო კინოს ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს სხვა ფინანსური რესურსი არ აქვს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის გაუმართლებელი და აცდენილი კინოცენტრის მისიას. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იკვეთება როგორც სამართლებრივი, ასევე ღირებულებითი პრობლემები.”

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და უშუალო ჩარევით, რაც ეწინააღმდეგება კანონს, რომლის თანახმად, კინოცენტრი დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას და  „თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით.”

გაუმჭვირვალობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: უცნობია, ვინ იყვნენ ჟიურის წევრები, მათი კვალიფიკაცია, და რა ნიშნით შეირჩნენ ისინი.

უცნობია, რას ეფუძნება კონკურსის თემატიკის განსაზღვრა. კონკურსის გამოცხადებამდე არ ჩატარებულა კონსულტაცია კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

„როდესაც ასეთი მასშტაბური სუბსიდიის გაცემასთან ერთად არ იზრდება კინოცენტრის წარმოებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი და მის ნახევარს შეადგენს, საფრთხის ქვეშ დგება დამოუკიდებელი კინოწარმოება – იზღუდება მისი ისედაც მწირი რესურსები. უცნობია, რა რესურსებით ჩაატარებს კინოცენტრი მომავალ კონკურსებს მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის, სადებიუტო ფილმებისთვის, დოკუმენტური ფილმებისთვის, ანიმაციური ფილმებისთვის…
კანონის თანახმად, კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარი მიზანი მის განვითარებაზე ზრუნვა, შემოქმედებითი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნაა. შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობა ევროკავშირის არაერთი დირექტივით თუ პოლიტიკის დოკუმენტითაც არის განმტკიცებული. კონკურის ზემოთ ხსენებულ პირობებში ჩატარება და ცვლილებების დაჩქარებული წესით ინიციირება არ ეხმიანება ამ მიზანს, არ ითვალისწინებს სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შეფასებებს. აღნიშნული შემთხვევა უგულებელყოფს კანონსა და დემოკრატიულ ღირებულებებს”, – ნათქვამია დოკუმენტური კინოს ასოციაციის განცხადებაში.

6 მაისს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაქვეყნა მრავალსერიიანი ფილმის სცენარის შექმნისა და დაფინანსების კონკურსის შედეგები, რომლის თანახმად, მათ მიერ დაფინანსდა სამი პროექტი, რომელთა დაფინანსება შეადგენს სამ მილიონამდე ლარს.

დაფინანსებული მინისერიალებია:

„ის ბიჭები” – პროდიუსერი: გელა ბაბლუანი – შპს ,,პროდაქშენი 13“, რეჟ./სცენ. გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი – 1 000 000 ლარი; პროექტის მედია-მხარდამჭერი – „კავეა პლუსი“.
•„სოხუმი“ – პროდიუსერი: გიორგი ბარაბაძე – შპს ,,შვიდკაცა +“, რეჟ./სცენ. გიორგი ბარაბაძე – 994 566 ლარი; პროექტის მედია-მხარდამჭერი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;
„საშობაო კაკლუჭები“ – პროდიუსერი: კონსტანტინე ესაძე – შპს ,,სტუდია +1“, სცენ. აკა მორჩილაძე, კონსტანტინე ჯანდიერი, რეჟ. ლევან თუთბერიძე – 987 832.8 ლარი; პროექტის მედია-მხარდამჭერი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი