ახალი ამბები

„მცდარი ინფორმაცია გაავრცელა აპარატის მანდატზე“ –  ომბუდსმენის მოადგილის PAC-ში გამოსვლას აკრიტიკებენ

10 ივნისი, 2023 • 1955
„მცდარი ინფორმაცია გაავრცელა აპარატის მანდატზე“ –  ომბუდსმენის მოადგილის PAC-ში გამოსვლას აკრიტიკებენ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია ჯულაყიძის გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.

განსაკუთრებით კრიტიკის ქვეშ ომბუდსმენის მოადგილის გამოსვლის ის ნაწილი მოექცა, სადაც ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის მანდატსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე საუბრობდა.

რა თქვა სახალხო დამცველის მოადგილემ?

8 ივნისს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ჯულაყიძემ სასამართლო სისტემაზე საუბრისას თქვა, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია.

„რაც შეეხება კანონის უზენაესობას, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი საკმაოდ შეზღუდულია თავის მანდატში. ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული სასამართლო სისტემაზე მუშაობის ზუსტი გზები და მეთოდები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს მანდატში არ შედის, გადავწყვიტეთ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფებში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოვამზადეთ. ყველა მათგანის ასახვა არ მომხდარა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ცვლილებებსა და ინიციატივებში, თუმცა რამდენიმე დადებითი ცვლილება შევიდა მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, იყო ასევე პოზიტიური ტექნიკური საკითხები, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არ არის საკმარისი მთლიანი სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა  ნათია ჯულაყიძემ.

ომბუდსმენის მოადგილემ ასევე ისაუბრა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არასამთარობო ორგანიზაციების ჩართულობაზე.

კერძოდ, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე. თუმცა ჯულაყიძეს არ უხსენებია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის საშუალება „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) არ მისცა.

„12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი უკავშირდება ამ პროცესში ჩართულობის და მონაწილეობის უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებამ უარი განაცხადა სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობაზე და ისინი აღარ არიან ჩართული პროცესში. მე, ისევე როგორც სახალხო დამცველი, მივიჩნევ, რომ როდესაც არ არის მეგობრული გარემო, როდესაც არ ხდება რეკომენდაციების ასახვა, იკარგება თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ მმართველი პარტიის მარტო დატოვება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვურჩევთ უფლებადამცველებს და სამოქალაქო საზოგადოებას დაუბრუნდნენ მრგვალ მაგიდებს. სახალხო დამცველი თავის როლს ამ პროცესში ხედავს როგორც შუამავალს სახელმწიფო ორგანოებსა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის“, – განაცხადა  ნათია ჯულაყიძემ.

ნათია ჯულაყიძემ საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამეგობრული გარემო მედიაზეც აისახება. მისი თქმით, ზოგიერთ მედია საშუალებაში მკვეთრად პოლარიზებული გარემო შეინიშნება.

„გულახდილად რომ ვთქვათ, ორივე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიძულვილის ენას, აგრესიას. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად იგივეს ვხედავთ ყველგან, რასაც ვხედავთ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.

„სახალხო დამცველის მოადგილემ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია“

PAC-ში ნათია ჯულაყიძის გამოსვლას გამოეხმაურა სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილიე გიორგი ბურჯანაძე. ბურჯანაძის თქმით, ომბუდსმენის მოადგილის განცხადება, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სასამართლოს თემებზე მუშაობას აღარ აპირებს.

„არასწორ რამეს ამბობს აპარატის ახალი თანამშრომელი ამ ვიდეოში. სახალხო დამცველს აქვს სასამართლოს საქმიამობაზე მუშაობის მანდატი, გამოცდილებაც და მეთოდებიც. 5 წელი ამას ვაკეთებდით და ამის გამო ბევრი მიმართულებით ჩვენი საქმიანობა სანიმუშოდ მიიჩნეოდა. ეს განცხადება, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს თემებზე მუშაობას აღარ აპირებს აპარატი ან უბრალოდ არასწორ ცოდნასთან გვაქვს საქმე. ორივე შემთხვევა დასანანია“, – დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი ბურჯანაძემ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურო იმნაძის განცხადებით, ომბუდსმენის მოადგილემ PAC-ში გამოსვლისას რეალობა დაამახინჯა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მოადგილემ თავის გამოსვლაში რამდენიმე მცდარი რამ თქვა:

„1) სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია მართლმსაჯულების თემებზეო – სახალხო დამცველს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი მართლმსაჯულებაზე, როგორც კონკრეტული საქმეების შეფასების და უფლებების დარღვევის დადგენის კუთხით, ისე სისტემურ რეფორმებზე რეკომენდაციების მომზადება. ასევე, კონსტიტუციური სარჩელის ინსტრუმენტი მათ შორის სასამართლო რეფორმებზე. არასდროს ეს საკითხი დისკუსიის საგანი არ გამხდარა, ფაქტიურად ყველა მენეჯმენტის დროს სახალხო დამცველის ოფისი აქტიურად იყო სასამართლო რეფორმებში ჩართული და ახლა ძალით რატომ უნდათ, რომ თავადვე დაივიწროვონ მანდატი, არ მესმის.

2) 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს სამოქალაქო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადესო – არც ერთ იმ ორგანიზაციას, ვინც სამუშაო ჯგუფში იყო მიწვეული, პროცესისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია. პირიქით, ჩვენ ვითხოვდით უფრო მეტ ღიაობას და ჩართულობას ამ ჯგუფებში და პირიქით, თავად “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა ისფედი არჩევნების სამუშაო ჯგუფიდან. კარგი იქნებოდა, მოადგილეს ამ ნაწილზე ესაუბრა, თუ მაინცდამაინც ჩართულობა აღელვებდა. თორემ, ჩვენ მაგალითად წინა კვირებშიც ვესწრებოდით მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფს და უშედეგოდ ვარწმუნებდით ხელისუფლებას, რომ უფრო რეალური ნაბიჯები გადადგან სასამართლოს რეფორმისთვის. სამუშაო ჯგუფებზე თუკი რამის თქმა ღირს, ისაა, რომ არც ჩვენი და მათ შორის არც სახალხო დამცველის არც ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია ხელისუფლებას.

3) სახალხო დამცველი იქნება მედიატორი სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორისო – სახალხო დამცველი არ უნდა იყოს რაღაც მოჩვენებელი პროცესების ინიციატორი, რომლის ერთადერთი მიზანიც საჩვენებელი თიქების დასმაა. სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და უფლებადამცველების მხარდაჭერაა“, – წერს გურო იმნაძე სოციალურ ქსელში.

ნათია ჯულაყიძის გამოსვლა გააკრიტიკა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმაც. მისი თქმით, ახალი სახალხო დამცველი მანდატის დამახინჯებულად წარმოჩენასა და ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჩარჩოებზე მორგებას ცდილობს და ამის ერთ-ერთი მაგალითი ომბუდსმენის მოადგილის PAC-ში გამოსვლაა.

„ამჯერად, სახალხო დამცველის მოადგილემ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია აპარატის მანდატზე თანაც პირდაპირ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე – შეზღუდული მანდატი გვაქვს სასამართლო რეფორმაზე და ჩვენი ძირითადი ფუნქცია სახელმწიფოსა და ენჯეოებს შორის მედიატორობააო. კარგი, ვთქვათ სახელისუფლებო ნარატივზე ჯდომას გაბრალებენ, რა ლოგიკით უნდა იზღუდავდე კანონით მონიჭებულ მანდატს თუ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივაცია გამოძრავებს?“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მეზვრიშვილის თქმით, დანიშვნის დღიდან სახალხო დამცველი ცდილობს მისი მანდატიდან ხელოვნურად გაიტანოს მტკივნეული საკითხები, რასაც გარდაუვლად მოჰყვება მის მიმართ ხელისუფლების კრიტიკა და შემოიფარგლოს მეორეხარისხოვან საკითხებზე სუსტი კომენტარებით, უბრალოდ ვალი მოიხადოს.

„ამ მიზნით, მის მანდატს მუდმივად ავიწროვებს პროცედურულ უფლებებზე და სრულად გამორიცხავს მატერიალურ უფლებებს. მისთვის პოლიტიკურად გაცილებით კომფორტულია თქვას „ვაკვირდებით პროცესს, ვსწავლობთ“, ვიდრე თქვას „შეიზღუდა გადაადგილების, გამოხატვის, სიტყვის და ა.შ. თავისუფლებები“.

საზოგადოება კანონის დეტალებში ვერ ერკვევა და არსებობს რისკი, რომ ადამიანები ადვილად მოტყუვდნენ. შესაბამისად, ყველას ვალია, ვინც საკითხში ერკვევა, ილაპარაკოს ღიად და სახალხო დამცველს აიძულოს შეასრულოს მისი მანდატი. ეს ეხებათ როგორც პოლიტიკოსებს (პირველ რიგში, იმათ, ვინც მის არჩევას მისცა ხმა), ისე არასამთავრობო სექტორს, მედიას და ჩვენს პარტნიორებს. თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება, ზუსტად ისე, როგორც ბევრი იტყუებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე. ადამიანები დაუცველები არიან სახელმწიფოს თვითნებობის პირისპირ და ამ საკითხებზე დუმილი არის ამ ყველაფერში თანამონაწილეობა“, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი