ახალი ამბები

ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

10 ივნისი, 2023 • 1429
ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მეოთხე დღეა ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ისინი 24 საკითხის მოგვარებას ითხოვენ. სხვა საკითხებთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული ანაზღაურებაა.

კერძოდ, როგორც ნეტგაზეთთან მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ სურამელაშვილი ამბობს, დასაქმებულები ითხოვენ, რომ მათ ხელფასი მოპოვებული ნედლეულის ტონების მიხედვით გადაუხადონ.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჭიათურის მაღაროების უმეტესი ნაწილის მუშაობა გაჩერებულია.

„მეოთხე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან დასაქმებულები. გუშინწინ ჰქონდათ დამსაქმებელთან შეხვედრა, მაგრამ ამ შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. ძირითადი მოთხოვნა არის, რომ სამუშაო ცვლების გრაფიკი არ შეიცვალოს. როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაუდგა დამსაქმებელს, პროფესიულ კავშირებთა გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში დამსაქმებელმა ვალდებულება იკისრა და [გაჩერებული საწარმოს პირობებში] დასაქმებულებს ხელფასის 60%-ს მაინც უხდიდა.

ახლა, როცა დასაქმებულთა ნაწილი სამუშაოდ გამოიძახეს, დამსაქმებელს უნდა, რომ დასაქმებულებმა არა 12-საათიანი გრაფიკით, არამედ 8-საათიანი გრაფიკით იმუშაონ მაღაროზე“, – ამბობს თეიმურაზ სურამელაშვილი.

გარდა ამისა ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნაა: შრომის უსაფრთხოების დაცვა, აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა და ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.

„ჩვენი პროტესტი გამოიწვია დამსაქმებლის მიერ არარეალურმა ახალმა დაგეგმარებამ. სპეციალური რეჟიმით მიმდინარეობს მუშაობა და ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ მაქსიმალურად გვემუშავა, მაგრამ სპეციალური რეჟიმის გასვლის შემდეგ ჩვენს დამსაქმებელს უნდა, რომ ჩვენ ვიმუშაოთ არარეალურად, ისეთი გეგმით, რაც უამრავ დარღვევას გამოიწვევს და შეიძლება ადამიანების ფიზიკურ დაზიანებამდეც მიგვიყვანოს[…] გვინდა რეალური სამუშაო გარემო, რეალური სამუშაო გეგმა და რეალური ხელფასი“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ ჭიათურის მაღაროს ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

ჭიათურის მაღაროს თანამშრომელთა მოთხოვნები, ფოტო: გიორგი ნეფარიძე

დასაქმებულთა მოთხოვნებზე პასუხად „ჯორჯიან მანგანეზი“ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებულ კრიზისზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია.

როგორც კომპანია აცხადებს, დასაქმებულებს ხელფასს ბანკებიდან აღებული კრედიტებით უხდის.

კომპანიის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა. კერძოდ:

„1. ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება.
2. ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

უკვე წლებია, 2,662 თანამშრომელი 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული 720 თანამშრომლისა. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა.

კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია.

ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. ამ ურთულეს პირობებშიც კი, კომპანია დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.

საკუთარი სახსრებითა და საკრედიტო ვალდებულებებით ოპერირების შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი შეცვლილი სამუშაო პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ვეღარ შეძლებს დროებით გაჩერებული საწარმოო ობიექტების აღდგენას“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

ფოტო: „მაუწყებლის“ ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი