ახალი ამბები

უახლოეს დღეებში შევხვდებით პრემიერს და გაუგებრობებზე ვისაუბრებთ — ლიეტუვის ელჩი

9 ივნისი, 2023 • 1111
უახლოეს დღეებში შევხვდებით პრემიერს და გაუგებრობებზე ვისაუბრებთ — ლიეტუვის ელჩი

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ დასავლელი მეგობრები საქართველოს მთავრობის განცხადებებს თვალს ადევნებენ.

მისი თქმით,  აპირებენ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბოლოდროინდელ „გაუგებრობებზე“ სასაუბროდ შეხვდნენ.

„უკვე თითქმის ერთი წელია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაციები გასცეს. ნამდვილად არის პროგრესი, მაგრამ ასევე არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მუშაობას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა. შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. ჩვენ ძალიან გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა.

ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ განცხადებებს ისევე, როგორც საქართველოს მთავრობა ადევნებს თვალს დასავლელი მეგობრების განცხადებებს. ლიეტუვა და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, შევხვდებით პრემიერ-მინისტრს ორშაბათს ან უახლოეს დღეებში და ამ გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ [„ფორმულას“ თარგმანი].


ბოლო დროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული განცხადებები განხილვის საგანი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

განსაკუთრებით რეზონანსული იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ფორუმზე გაკეთებული განცხადება, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.

ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და გააკრიტიკეს. რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ტვიტერზე ინგლისურად განმარტა და აღნიშნა, რომ  ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი