საზოგადოება

“გავიგე, რომ აქ ომის მიზეზებს განიხილავდით…” – ფონ დერ ლაიენი ბრატისლავაში

31 მაისი, 2023 • 3517
“გავიგე, რომ აქ ომის მიზეზებს განიხილავდით…” – ფონ დერ ლაიენი ბრატისლავაში

დღეს, 31 მაისს, ევრკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზების შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არაპროვოცირებული იყო.

„გავიგე, რომ აქ, გლობსეკზე, ამ ომის მიზეზებს განიხილავდით. ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უმიზეზოდ, ის შეიჭრა უკრაინაში, რათა რუკიდან გაექრო. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე, მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლოს და იყოს თავისუფალი, გააოცა მსოფლიო“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გამოსვლას ეხმიანებოდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე ერთ-ერთი რეზონანსული განცხადება გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე გნაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და გააკრიტიკეს. რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ტვიტერზე ინგლისურად განმარტა. როგორც პაპუაშვილი ვრცელ პოსტში წერს, ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი