ახალი ამბები

პაპუაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ტვიტერზე ინგლისურად განმარტავს

31 მაისი, 2023 • 1336
პაპუაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ტვიტერზე ინგლისურად განმარტავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ტვიტერზე ინგლისურად განმარტავს.

როგორც პაპუაშვილი ვრცელ პოსტში წერს, ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც საქმე რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება, საქართველოს უფლება აქვს თავის სიტყვა თქვას და ღარიბაშვილის სიტყვებიც სწორად უნდა იქნას გაგებული.

მისი თქმით, მთავრობას უფლება აქვს ეჭვქვეშ დააყენოს „ზოგიერთ მეგობრისა და კრიტიკოსის ორმაგი დამოკიდებულება“, რადგან საქართველოს უსამართლოდ არაერთხელ მოეპყრნენ.

პაპუაშვილის თქმით, საბჭოთა დროიდან მოყოლებული საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არაერთხელ დადგა, თუმცა პარტნიორების რჩევით სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იყენებდა.

მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო მედეგი და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებასაც დახმარებოდა. ამის მაგალითად ამბობს, რომ ღარიბაშვილის მმართველობის დროს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი სამხედრო პერსონალი ჰყავდა ავღანეთში ნატოს ოპერაციებში.

ვრცელ პოსტში პაპუაშილი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს დაუწესეს იარაღის დე ფაქტო ემბარგო და მალევე გამოაცხადეს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“. მისი თქმით, დასავლეთის ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია, რომ საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდეს.

„მხოლოდ ახლა, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა იყო და რჩება მტკიცედ პროდასავლურად, საქართველოს ახლა აუხსნელად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არის „პრორუსული“! ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა, იყო რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც სკრუპულოზურად ახორციელებდა მრავალი წელი“, – წერს პაპუაშვილი და დასძენს, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებაც სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ნაწილია.

ამიტომ, პაპუაშვილის თქმით, ქართველები უარყოფითად აღიქვამენ დასავლელი პარტნიორების „ასეთ არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას“.

„პირველი, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის მხრიდან თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ, „გაბედულად“ იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც იმ ქვეყნებს, რომელთაც ნატოს მე-5 მუხლი იცავთ.

მესამე, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესების გამო(თუმცა არასოდეს დავუშვებთ სანქციების რეჟიმის გვერდის ავლას საქართველოს ტერიტორიის ან ინსტიტუტების გავლით). ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე მოქალაქეებისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, რუსეთს კი მცირე ზიანს თუ მიაყენებს. პირიქით, რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის.

და მეოთხე, ქვეყნები, რომლებიც შედარებით ახალი შესული არიან ნატოსა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანების დროს სრულყოფილები არ იყვნენ), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს ვითარებაზე. ნატოსა და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინ, როცა ასოცირებულ ტრიოში აშკარა მოწინავეები ვიყავით“, – წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ის დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, რომ დადგა დრო, გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად საქართველოს დაეხმარნონ უსაფრთხოების პრობლემების დაძლევასა და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებული წევრობის მიღებაში.

„15 წელზე მეტია ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მოედანზე“, – წერს პაპუაშვილი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე გნაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი