პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის საკითხზე 19 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კორონავირუსის გამო არ გამოცხადდა.
გოცირიძის თქმით, იმის დასადასტურებლად, რომ ლევან დავითაშვილს ნამდვილად კორონავირუსი ჰქონდა, ის მინისტრის კოვიდტესტირების შედეგებს გამოითხოვს.
„19 მაისს ეკონომიკის მინისტრი უნდა გამოცხადებულიყო პარლამენტში ანაკლიის საკითხებზე. არ მოვიდა და საკითხის განხილვა გადაიდო ოთხი თვით, 29 სექტემბრისათვის, რადგან საზაფხულოდ პარლამენტი მუშაობას წყვეტს და რეგლამენტით ე.წ. ინტერპელაციის წესით პირის დაბარება არ ხდება ივნისისა და დეკემბრის თვეში.
პარლამენტის ხელმძღვანელობამ გვაცნობა, რომ მინისტრი ავადაა. პარლამენტის აპარატში გვითხრეს, რომ მან წარმოადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ აქვს “კორონავირუსის ნიშნები”. ჰო და, 19-ში კორონავირუსნიშნიანი 22-ში გაფრინდა კატარში პრემიერ-მინისტრთან ერთად.
გაირკვევა ყველაფერი, ჩვენს მიერ გამოთხოვილი იქნება ტესირების შედეგები. შეიძლება, მართლაც ისე იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ხელისუფლებას არ აწყობდა ამ ვითარებაში ანაკლიის შესახებ საუბარი, განსაკუთრებით სავარაუდო ინვესტორების შესახებ, რადგან ეჭვი გვაქვს, რომ იქ არ იქნებიან დასავლური კომპანიები. გავიხსენოთ ივანიშვილის ცნობილი გამონათქვამი, „ამერიკელებს შავ ზღვაში რა უნდათ?!“
მინისტრი რომ არ მოვიდა და ის საეჭვო ცნობა მაჩვენეს (მე ვიყავი მომხსენებელი პარლამენტში), დავიჯერე, არც კი ჩამიხედავს. ახლა უფრო ღრმად შევისწავლი იმ ქაღალდს“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუკზე.
როგორც ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ინტერპელაციაზე მინისტრის არმისვლის მიზეზი კორონავირუსი იყო. მათი განცხადებით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა.