ახალი ამბები

ოფიციალურად: თურქეთში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

15 მაისი, 2023 • 852
ოფიციალურად: თურქეთში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, რომელიც 28 მაისს გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი კონკურენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.

თურქეთის “ცესკოს” თავმჯდომარის, აჰმეთ იენერის თქმით, გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. თურქეთის შიგნით ამომრჩეველთა აქტივობამ 88.92% შეადგინა, საზღვარგარეთ კი — 52.69%.

“ცესკოს” ბოლო მონაცემებით, პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 49.54%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს — 44.88%-მა. მესამე კანდიდატს, სინან ოღანს, 5.15% აქვს, მუჰარემ ინჯეს კი, რომელმაც არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა — 0.44%.

პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო იყო, ერთ-ერთ კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი მოეგროვებინა.

ოღანის გადაწყვეტილებამ, თუ რომელი კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს მეორე ტურში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს შედეგზე.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც, საპრეზიდენტო კენჭისყრის მსგავსად, 14 მაისს ჩატარდა: პარალელური დათვლის შედეგებით, 600-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო ალიანსი უმრავლესობას კრავს, თუმცა მმართველი პარტიის მანდატების რაოდენობა, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, შემცირებულია.

გასულ ღამეს საზოგადოებას მიმართეს როგორც ერდოღანმა, ისე ქილიჩდაროღლუმ. ორივე კანდიდატი ამბობს, რომ მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, გაიმარჯვებენ.

20 წელია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს მართავს. რიგი ფაქტორების, მათ შორის, ქვეყანაში გამწვავებული ეკონომიკური პრობლემებისა და ოპოზიციის ერთიანობის ფონზე, 14 მაისის არჩევნები ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი