ახალი ამბებიკომენტარი

ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია – კობახიძე რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

11 მაისი, 2023 • 1438
ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია – კობახიძე რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “იმედის” ეთერით ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის, ასევე, პირდაპირ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ამ თემაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს საქართველოში. 

კობახიძე აბსურდულს უწოდებს მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის “საჩუქარია” პრორუსული ხელისუფლებისთვის და ამბობს: 

“სინამდვილეში რეალობა არის ერთი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის, რაც დღეს იქნა მიღებული ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ.  აქ, საბოლოო ჯამში, ხომ მოსარგებლე არის ჩვენი მოქალაქე, რომელსაც უწევს შემოვლითი გზით სამმაგი ხარჯით მგზავრობა. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში”. 

კობახიძის თქმით, “იყო სასჯელი დაწესებული რუსეთის მხრიდან და ეს სასჯელი მოიხსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი”. 

მისი თქმით, ეს იყო რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება, რაც შეეხება საქართველოს, ის რუსეთისთვის არ აწესებს სანქციებს, რადგან კობახიძის აზრით, ეს იქნება  საქართველოს და მისი მოსახლეობის დასჯა. 


  • 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა, გარდა ამისა რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
  • თბილისში რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ – მმართველი პარტიის ლიდერები და ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმებიან პუტინის გადაწყვეტილებას, ოპოზიცია და დამოუკიდებელი ექსპერტების დიდი ნაწილი კი  თვლის, რომ რუსეთმა „დააფასა“, საქართველოს მთავრობის ქმედებები.
  • ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ  რუსეთის ეს გადაწყვეტილება საფრთხეა საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციისთვის და ხელს შეუშლის საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნა.
  • პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებებს და მოუწოდა მთავრობას, შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი