ახალი ამბები

პრეზიდენტი ხელისუფლებას რუსეთთან 3-თვიანი სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდებს

10 მაისი, 2023 • 1327
პრეზიდენტი ხელისუფლებას რუსეთთან 3-თვიანი სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მაისს, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაშვება ბევრ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე დათმობითვე არასდროს პასუხობს, არამედ პასუხობს ისე, რომ უფრო გაურთულოს მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, იგი მთავრობას მკაფიო პოზიციის გამოჩენისკენ მოუწოდებს:

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს; დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განიხილონ [რუსეთის მოქალაქეებისთვის] 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭიროა ჩვენი შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე.

სახელმწიფოსგან მეტი კონტროლია საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და რჩებიან. აუცილებელია რაღაც ზომების მიღება, რომ ეს ყველაფერი ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩაჯდეს. ჩვენ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა ვართ და ყველას ვიღებთ. ეს უკვე გამოჩნდა ბოლო ერთი წლის და მეტის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება, რომ მოხდეს”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში არ უნდა იხსნებოდეს რუსულენოვანი ბაგა-ბაღები, სადაც ქართულ ენას არ ასწავლიან. ასევე, პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა გარკვეული მოთხოვნების დაწესება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტაქსის მძღოლებისთვის, გიდებისთვის და ა.შ.

“ჩვენ არ გვჭირდება საჩუქარი რუსეთიდან. ვითომ დათმობა. ჩვენ იმავე მხარეს ვართ დღევანდელ სიტუაციაში, რომელ მხარესაც ყველა ჩვენი ევროპელი მეგობარია. საქართველოს ღირსების დაცვაა, რომ ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობები რუსეთთან, რაც ჩვენ ყველაფერს გაგვირთულებს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ, რაც სანქციების გვერდის ავლის შესახებ ისმის. მე ვადასტურებ, რომ დღეს არ არსებობს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ არ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი მათ მიმართ”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბათილადაა ცნობილი პუტინის ბრძანება შეზღუდვის შესახებ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი