ახალი ამბები

„ჯილდო ანტიდასავლური პოლიტიკისთვის“ — ოპოზიცია რუსეთთან ვიზების გაუქმებაზე

10 მაისი, 2023 • 777
„ჯილდო ანტიდასავლური პოლიტიკისთვის“ — ოპოზიცია რუსეთთან ვიზების გაუქმებაზე

ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნენევს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არის ჯილდო საქართველოს ანტიდასავლური პოლიტიკისთვის.

„პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლებისთვის იმ პოლიტიკი გამო, რომელსაც ბოლო თვეებში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკა და ზუსტად პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეხება იმას, რომ მან თავისი გადმოსახედიდან აკრძალვა მოხსნა ფრენებზე და სავიზო შეზღუდვაზე“, — მიიჩნევს პარლამენტარი ხატია დეკანოიძე.

ენმ-ის წევრის, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას აზრით, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალაა და პუტინის გადაწყვეტილებაც ლოგიკურია:

„ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს არ განიხილავს მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალაა და ამას ადასტურებს არაერთი ფაქტი.“

თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, ამის დასტურია არა მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლების ანტიუკრაინული პოლიტიკა, ანტიდასავლური გზავნილები და ა.შ.

„ქართულ ოცნებას ლოიალობა დაუფასა პუტინის რეჟიმმა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მათ შორის არის კავშირი. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სანაცვლოდ შემოგვტენონ ევრაზიული კავშირის წევრობა“, — აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი
რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების
გადაწყვეტილებას „სრულ ფარისევლობად“ და ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს.

მისი თქმით, ამ ვითარებაში რუსეთის ეს ქმედება თითქოს სიგნალია, რომ საქართველოსთან რაღაცას აუმჯობესებს, თუმცა სინამდვილეში პირიქით, ამით კიდევ უფრო ართულებს საქართველოს დასავლეთთან ურთერთობას.

„ის ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას და იბრძვის, რომ
მარტონი დავრჩეთ მის პირისპირ. რუსეთმა ვიზები კი არ უნდა გააუქმოს, ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდან და დაასრულის ოკუპაცია.

ეს არის მოთხოვნაც და ვალდებულებაც, რომელიც რუსეთს აქვს აღებული და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას პრაქტიკულად არ ახსენებს მას და ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებას შესაძლოა მიესალმოს კიდეც“, – თქვა გიგი წერეთელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი