ახალი ამბები

დაუსანქცირებელი რუსული კომპანიები რუსეთიდან პირდაპირ ფრენას შეძლებენ – ქვრივიშვილი

10 მაისი, 2023 • 1177
დაუსანქცირებელი რუსული კომპანიები რუსეთიდან პირდაპირ ფრენას შეძლებენ – ქვრივიშვილი

რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, შეძლებენ პირდაპირი ფრენების შესრულებას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, პირდაპირი ფრენები „წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“.

თუმცა ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სანქცირებული კომპანიები ან ხომალდები რეისებს ვერ განახორციელებeნ.

„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს რუსეთიდან, განვმარტავთ, რომ დღეს პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით, მათ შორისაა ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.

მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფრენების განხორციელებაზე ნებართვები გაცემული არაა, თუმცა ეს იმიტომ, რომ ქართულ მხარეს „არ აქვს მომართვა ავიაკომპანიებისგან ან სახელმწიფოსგან [რუსეთისგან]“. მომართვის შემთხვევაში, ამბობს ქვრივიშვილი, „ყველა არასანქცირებული ბორტი და კომპანია შეძლებს ფრენების შესრულებას“.

რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ საქართველო დაუშვებს არასანქცირებული კომპანიების მიერ რეისების განხორციელებას.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი