ახალი ამბები

თურქეთის ქალაქ ერზურუმში ქვები დაუშინეს ოპოზიციის წინასაარჩევნო შეკრებას

8 მაისი, 2023 • 878
თურქეთის ქალაქ ერზურუმში ქვები დაუშინეს ოპოზიციის წინასაარჩევნო შეკრებას

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ერზურუმში ქვები დაუშინეს სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს ავტობუსს, საიდანაც წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეკრების მონაწილე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, მერს კი მოუწია, სიტყვით გამოსვლა შეეწყვიტა.

იმამოღლუ ერზურუმში 7 მაისს ჩავიდა და ავტობუსზე შემომდგარი მიმართავდა ერთ-ერთ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს. იქვე იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელთაგან ზოგიერთმა, ღონისძიების დაწყებიდან მალევე, ქვების სროლა დაიწყო ავტობუსის მიმართულებით.

კადრების მიხედვით, ცოტა ხნის შემდეგ იმამოღლუ თანმხლებმა პირებმა ავტობუსის შიდა სივრცეში ჩაიყვანეს. ოპოზიციონერი მერი შიგნიდან განაგრძობდა სიტყვით მიმართვას მიკროფონის გამოყენებით და მოუწოდებდა სამართალდამცავებს, აღეკვეთათ თავდასხმა, რა დროსაც ქვებით იმსხვრეოდა ავტობუსის ფანჯრები.

ბოლოს იმამოღლუმ თქვა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ტოვებდა ტერიტორიას. ავტობუსი გაიყვანეს, პოლიციამ კი წყლის ჭავლი გამოიყენა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ავტობუსს მისდევდა.

მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) თანახმად, რომელსაც იმამოღლუ წარმოადგენს, ინციდენტისას ათამდე ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, მათ შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.

ექრემ იმამოღლუ ერზურუმის მუნიციპალიტეტისა და უსაფრთხოების ძალების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელთაც, მერის თქმით, არ იმოქმედეს თავდასხმის აღსაკვეთად. ის აცხადებს, რომ უჩივლებს როგორც ქალაქის მერს, ისე გუბერნატორსა და პოლიციის უფროსს.

ერზურუმის მუნიციპალიტეტს მართავს მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”(AKP).

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმამღოლუ თავად დაადანაშაულეს მომხდარში. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, სტამბოლის მერი პროვოკატორია და მან მოამზადა ის, რაც მოხდა.

საპასუხოდ, იმამოღლუმ “უსირცხვილო” უწოდა მინისტრს და დასძინა, რომ იტყუება.

ერზურუმის ინციდენტს არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა.

“ქვეყანაში ცვლილების მოტანას თავისი ფასი აქვს. ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ის”, — თქვა ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ქემალ ქილიჩდაროღლუმ, რომელიც CHP-ს თავმჯდომარეობს. CHP უმსხვილესი ოპოზიციური პარტიაა თურქეთში.

მოგვიანებით, სტამბოლში დაბრუნებულ იმამღლუს მხარდამჭერები ქალაქის აზიურ ნაწილში, საბიჰა გიოქჩენის სახელობის აეროპორტთან დახვდნენ.

” alt=”” />

ინციდენტი თურქეთის ისტორიულ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდა. ქვეყანაში 14 მაისს იმართება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დაასრულებს ან კიდევ გაახანგრძლივებს ერდოღანის 20-წლიან მმართველობას.

მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეულ უკმაყოფილებას თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრაც დაემატა, რომელზე რეაგირების ხარისხისა და კორუფციის გამოც ხელისუფლება მრავალგზის გააკრიტიკეს. მეორე მხრივ, 6 ოპოზიციური პარტიის ალიანსი, რომელსაც საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, მეტად საყურადღებოა ერთიანობის მასშტაბით.

არაერთი კვლევის თანახმად, დაძაბულ კენჭისყრაში ქილიჩდაროღლუ მცირედით უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, გამოკითხვების უმრავლესობა მეორე ტურის შესაძლებლობაზე მიანიშნებს, ვინაიდან ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო.

ერდოღანი და მისი მოკავშირეები ოპონენტებისადმი ხისტ რიტორიკას ინარჩუნებენ. უწინდელის მსგავსად, ისინი კვლავ ახმიანებენ ბრალდებებს ოპოზიციის კავშირზე “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”(PKK), რომელიც აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

ოპოზიცია გმობს ასეთ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ესაა საშიში კამპანიის ნაწილი, რომელიც საზოგადოების დაყოფას ემსახურება.

მეორე მხრივ, თურქეთის ხელისუფლებამ 2023 წლის არჩევნების წინ განსაკუთრებით გაააქტიურა ჰომოფობიური გზავნილები. ერდოღანი ოპოზიციას “პრო-ლგბტ”-ად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ თავისი ალიანსი “წმინდა ოჯახის” გზით მიდის.

იმამოღლუ და მისი თანმხლები პირები ქვების სროლისას. ფოტო: Duvar 

ექრემ იმამოღლუმ სტამბოლის არჩევნებში 2019 წელს დაამარცხა სახელისუფლებო კანდიდატი და ასე დაასრულა მოქმედი პრეზიდენტის პარტიის თითქმის 25-წლიანი მმართველობა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად უმნიშვნელოვანეს ქალაქში.

ოპოზიციის შეთანხმების მიხედვით, იმამოღლუ, ერდოღანის დამარცხების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა თურქეთის დაბრუნება მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, რომელიც ერდოღანმა 2017 წლის საკამათო რეფერენდუმის გზით საპრეზიდენტო მოდელით შეცვალა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.

მათ დაპირებებს შორისაა ეკონომიკურ სირთულეებთან და კორუფციასთან ბრძოლაც, ისევე როგორც, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვა.

გარეკანის ფოტო: Duvar

ამავე თემაზე:

თურქეთი: რა სტრატეგიით ცდილობს ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას

ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ

მასალების გადაბეჭდვის წესი