ახალი ამბები

გაერო-ს ექსპერტის შეფასება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე

5 მაისი, 2023 • 748
გაერო-ს ექსპერტის შეფასება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე

გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანა საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს.

ლივინგსტონ სევანიანამ საქართველოში 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში მომზადებული წინასწარი ანგარიში დღეს მედიას გააცნო. ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი შეხვდა ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს სოფელ ხურვალეთში.

მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება

გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, ზოგადად, საქართველოში მშვიდობიანი გარემოა — ქვეყანამ მიაღწია პროგრესს უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით, მიუხედავად ახლო წარსულში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისა, საქართველოს მთავრობამ მოახერხა, შეემუშავებინა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ამ რეგიონებთან დაკავშირებით.

ლივინგსტონ სევანიანა მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა, ფასილიტაცია გაუწიოს დიალოგის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

„ამ პროგრესის მიუხედავად, რჩება გარკვეული წუხილები არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ასევე იხსენიებენ კონკრეტული მანდატის მქონე სპეციალური პროცედურების ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ქვეყანას. გარდა ამისა, წუხილს გამოთქვამენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებიც, განსაკუთრებით, აფხაზეთსა და ცხინვალზე/სამხრეთ ოსეთის რეგიონზე შეზღუდულ წვდომასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ერთადერთ გამონაკლისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წარმოადგენს, რომლის მანდატი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გულისხმობს“, — ნათქვამია წინასწარ ანგარიშში.

გაერო-ს ექსპერტის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცნობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ ე.წ. „უკანონო კვეთის“ შედეგად ადამიანების თვითნებურად დაკავებების, ასევე, გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ.

„შევნიშნე, რომ დეფიციტურია მონაცემები თვითნებურად დაკავებული და მოკლული პირების შესახებ, ხოლო ამგვარი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებების მექანიზმები არ არსებობს. მსურს, გამოვხატო შეშფოთება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და მოვუწოდო ამ
ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს მათი დემონტაჟისკენ. მაშფოთებს კონფლიქტის ხანგრძლივვადიანი მოგვარების მექანიზმების ნაკლებობა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული შესრულება“, — აცხადებს ლივინგსტონ სევანიანა.

სამოქალაქო სივრცე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

„სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების მიდგომა რეპრესიულია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებადამცველები განიცდიან შიშსა და სტიგმატიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებებს, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი გარემოს არსებობა, რათა ქვეყანაში დაცული იქნას დემოკრატია, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და კანონის უზენაესობა“, — ნათქვამია წინასწარ ანგარიშში.

გაეროს ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ შიშისა და სტიგმატიზაციის განცდა განსაკუთრებით გამძაფრდა უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის ინიციირებით, რომელიც საბოლოოდ არ იქნა მიღებული.

„არსებული პოლარიზაციის ფონზე, მისასალმებელი იქნებოდა დემოკრატიული სივრცის გაფართოებისკენ მიმართული მცდელობები და მიზანმიმართული ქმედებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად“, — დასძენს იგი.

სასამართლოს დამოუკიდებლობა

ლივინგსტონ სევანიანა შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ისმის, განსაკუთრებით ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნასა და კონტროლს.

ამ გარემოების გათვალისწინებით, ის მიესალმება „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს“ და ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, ერთობლივად იზრუნონ ამ პროცესის დასრულებაზე.

ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ექსპერტი აღნიშნავს „უზარმაზარ პროგრესს“. ის მიესალმება ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთწლიანი სტრატეგიის მიღებას.

ამასთან, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ბიუროსთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მისი საგამოძიებო უფლებამოსილების გაძლიერების, ეფექტიანი ფინანსური სისტემის დანერგვისა და მანდატის განხორციელებისთვის ბიუროს შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

„ანტიკორუფციული ზომები მიღებულია საჯარო მმართველობის სფეროშიც. განსაკუთრებით ხაზგასასმელია იუსტიციის სახლის დაარსება, რომელიც გამოირჩევა მუშაობის ჰარმონიზებული მეთოდოლოგიითა და საჯარო სერვისების უსწრაფესი მიწოდებით. ამგვარი უწყების დაარსება წარმოადგენს წარმატებული პრაქტიკის მაგალითს მთელი რეგიონისთვის“, — ამბობს ლივინგსტონ სევანიანა და მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს შემდგომი ზომები კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის რატიფიცირებისთვის, რომელსაც ქვეყანა 2008 წელს შეუერთდა.

წარმატებულ პრაქტიკებს შორის ექსპერტი განსაკუთრებით გამოყოფს პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური და პარტნიორული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას.

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება

ანგარიშის თანახმად, საქართველოს საკმაოდ კარგი ისტორია აქვს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც დადასტურებულია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების უწყებათაშორისი საბჭოს ჩამოყალიბებითა და მიზნების სამინისტროების პროგრამებში ინტეგრაციით. გარდა ამისა, ქვეყანამ წარადგინა 2020 წლის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა.

„თუმცა აღსანიშნავია, რომ შეინიშნება ასაკისა და გენდერის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების ნაკლებობა, განსაკუთრებით ისეთ მიზნებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება შრომის უფლებებს, გენდერულ პრობლემებს, სიღარიბესა და უმუშევრობას“, — ნათქვამია ანგარიშში.

ახალგაზრდები

მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება, გაეროს ექსპერტი მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს და განახორციელოს
მიზნობრივი ინტერვენციები მისი ამოქმედების მიზნით.

საქართველოში ვიზიტის შესახებ დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტის სრული ანგარიში ადამიანის უფლებათა საბჭოს 54-ე სხდომას 2023 წლის სექტემბერში წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი