ახალი ამბები

ევროპარლამენტარები კვლავ მოუწოდებენ ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ

3 მაისი, 2023 • 898
ევროპარლამენტარები კვლავ მოუწოდებენ ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.

ევროპარლამენტარების წერილს ზურაბიშვილისადმი „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი მარკეტა გრეგოროვა Twitter-ზე აქვეყნებს.

„დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. მე და ჩემი კოლეგებმა ევროპარლამენტიდან გადავწყვიტეთ, საქართველოს პრეზიდენტს
მოვუწოდოთ, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალება. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურ გზავნილს გადავცემთ“, — წერს გრეგოროვა.

წერილში ევროპარლამენტარები გმობენ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას და ხაზს უსვამენ კრიტიკული მედიის მნიშვნელობას ევროკომისიის 12 რეკომენდაციის კონტექსტში.

წერილს ხელს აწერს 18 ევროპარლამენტარი, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფიდან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი):

  • მარკეტა გრეგოროვა, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი
  • პატრიკ ბრაიერი, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი
  • ანა ფოტიგა, კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი
  • რაფაელ გლუქსმანი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • ვლად გეორგი, Renew Europe
  • ანდჟეი ჰალიცკი, ევროპის სახალხო პარტია
  • რასა იუკნევიჩიანე, ევროპის სახალხო პარტია
  • მარინა კალიურანდი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • მარცელ კოლაია, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი
  • ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან დემოკრატები
  • პიერ ლარუტურუ, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • მირიამ ლექსმანი, ევროპის სახალხო პარტია
  • დაცე მელბარდე, ევროპის სახალხო პარტია
  • კარენ მელქიო, Renew Europe
  • სვენ მიკსერი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • მიკულაშ პეკსა, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი
  • პიტერ პოლაკი, ევროპის სახალხო პარტია
  • მიქაელა შოიდროვა, ევროპის სახალხო პარტია

ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით 12-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით გასული წლის ნოემბერშიც მიმართა.


ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“. მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

დღეს, 3 მაისს, მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით  საპროტესტო აქცია გამართეს.

მედიის აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვარამიას შეწყალების მოთხოვნით

მასალების გადაბეჭდვის წესი