ახალი ამბები

მედიის აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვარამიას შეწყალების მოთხოვნით

3 მაისი, 2023 • 1009
მედიის აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვარამიას შეწყალების მოთხოვნით

დღეს, 3 მაისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მედიის წარმომდგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციას, რომელიც პრესის დამოუკიდებლობის დღეს იმართება, ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი.

მანამდე განცხადება გაავრცელა 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მოუწოდა სახელმწიფოს, საქმე ობიექტურად და დროულად გამოიძიოს, ხოლო პრეზიდენტს – გვარამია შეწყალოს.

„ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის რეკომენდაციიდან მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. ამ კუთხით რეკომენდაცია მოითხოვს, „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე. ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს.  ამ მიმართულებით მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით. დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება”,- ნათქვამია განცხადებაში. სრულად ის წაიკითხეთ ამ ბმულზე.


ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი