აშშ-ის საელჩო განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში “დამცველი 2023” (Defender 2023).
Ddefender 23 არის მრავალეროვნული, ერთობლივი წვრთნები აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით, რომლებიც შექმნილია, ერთი მხრივ, აშშ-ის, მეორე მხრივ კი, ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
საელჩოს განცხადებით, აშშ-მა ქართულ მხარესთან ერთად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართულიყო.
„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
გუშინ, 3 მაისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში “დამცველი 2023” (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა.
Ddefender 23 არის მრავალეროვნული, ერთობლივი წვრთნები აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით, რომლებიც შექმნილია, ერთი მხრივ, აშშ-ის, მეორე მხრივ კი, ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
სწავლება 22 აპრილიდან 23 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს და მოიცავს 7 800-ზე მეტ ამერიკელ და 15 000 მრავალეროვნულ სამხედრო მოსამსახურეს 20-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან.
პენტაგონის თავდაპირველი (5 აპრილის) ცნობით, წვრთნებში საქართველოც მონაწილეობდა. თუმცა 28 აპრილს „აქცენტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ წვრთნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.