საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში “დამცველი 2023” (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა.
უწყება ირწმუნება, რომ თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე.
სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული საკითხზე ინფორმაცია მიკერძოებულად გავრცელდა და „მორიგი პროვოკაციაა თავდაცვის უწყების მიმართ“.
„საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, ნატოს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში.
„კერძოდ, თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი.
რაც შეეხება უშუალოდ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Ddefender 23 არის მრავალეროვნული, ერთობლივი წვრთნები აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით, რომლებიც შექმნილია, ერთი მხრივ, აშშ-ის, მეორე მხრივ კი, ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
სწავლება 22 აპრილიდან 23 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს და მოიცავს 7 800-ზე მეტ ამერიკელ და 15 000 მრავალეროვნულ სამხედრო მოსამსახურეს 20-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან.
პენტაგონის თავდაპირველი (5 აპრილის) ცნობით, წვრთნებში საქართველოც მონაწილეობდა. თუმცა 28 აპრილს „აქცენტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ წვრთნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.