საზოგადოება

ხელისუფლება საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში არმონაწილეობას ხარჯებით ხსნის

2 მაისი, 2023 • 1685
ხელისუფლება საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში არმონაწილეობას ხარჯებით ხსნის

„შეიძლება კონკრეტული სწავლება სხვადასხვა ლოჯისტიკურ ხარჯებთან და სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს“, — ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კითხვას, თუ რატომ აღარ მონაწილეობს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში Defender 23 (მცველი 23).

„ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული რიცხვი იყო შარშან, როდესაც საქართველოში 6 საერთაშორისო სწავლებას ვუმასპინძლეთ. რეკორდულად მაღალია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Ddefender 23 არის მრავალეროვნული, ერთობლივი წვრთნები აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით, რომლებიც შექმნილია, ერთი მხრივ, აშშ-ის, მეორე მხრივ კი, ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად.

სწავლება 22 აპრილიდან 23 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს და მოიცავს 7 800-ზე მეტ ამერიკელ და 15 000 მრავალეროვნულ სამხედრო მოსამსახურეს 20-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან.

პენტაგონის თავდაპირველი (5 აპრილის) ცნობით, წვრთნებში საქართველოც მონაწილეობდა. თუმცა 28 აპრილს „აქცენტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ წვრთნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.

„სამხედრო წვრთნები დინამიკური და ხშირად მოძრავი მოვლენაა. ქვეყნები, რომელთა მონაწილეობა მოსალოდნელია, შეიძლება, შეიცვალონ ნებისმიერი მიზეზის გამო“, — უთხრეს ონლაინ გამოცემას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის პრეს-სამსახურში.

პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ სადეპუტატო კითხვით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისგანაც მოითხოვა, დაინტერესდეს, რა მიზეზით თქვა თავდაცვის სამინისტრომ უარი წვრთნებში მონაწილეობაზე.

თავად აქუბარდია ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას უკავშირებს.

„გაუგონარი საჩუქარი მიართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კრემლს“, — თქვა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველო წლებია მონაწილეობს ამ სწავლებაში, რომლის მთავარი იდეა არის რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება… ამ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სამხედრო სწავლებაში პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის“, — განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა იცრუა, როდესაც სწავლებაში არმონაწილეობა ლოჯისტიკური ხარჯებით ახსნა.

„საქართველო წლებია მონაწილეობს და 2 წლის წინ უმასპინძლა კიდეც ამ სწავლებას. როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყო უზრუნველყოფილი როგორც ლოჯისტიკურად, ასევე სხვა ხარჯებით. ეს არის მკაფიო სიგნალი ნატოსგან, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი ნატოში გაწევრიანება“, — დასძინა თეონა აქუბარდიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო უწოდა თეონა აქუბარდიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის არ არის პრიორიტეტული ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ბერაიას თქმით, მტრისთვის საჩუქარი სწორედ მსგავსი განცხადებები და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უპასუხისმგებლო სუბიექტების არსებობაა.

„საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან ღრმავდება და ძლიერდება დღითი დღე. ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი. რეგიონში გაზრდილი საფრთხეების პარალელურად, რუსეთის მიერ უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ არათუ შეინარჩუნა ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი თავდაცვის სფეროში, არამედ ეს მიმართულება გახდა კიდევ უფრო ინტენსიური“, — განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, ასობით სწავლება ტარდება და „შესაძლოა, ყველა სწავლებაში არ იყოს მონაწილეობა შესაძლებელი კოლოსალური ხარჯების გამო“, თუმცა საქართველო გააგრძელებს როგორც საერთაშორისო სწავლებების მასპინძლობას, ასევე, მათში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი