ახალი ამბები

ეს დღე დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში – უსუფაშვილი

1 მაისი, 2023 • 2270
ეს დღე დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში – უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის კენჭსაყრელი საკითხების სიიდან ამოღება პარლამენტის ისტორიაში დიდი შავი ლაქა იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვეს.

„ნახეს, რომ ოპოზიციიდან 50 დეპუტატი წინა კვირასაც იყო და დღესაცაა, მიდიან უპრეცედენტო ამბავზე. დაიმახსოვრეთ ეს დღე, ეს ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში. ამან გადაფარა ისიც, კარი რომ ჩაგვიკეტეს და პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ შეგვიშვეს და პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომა არ გახსნეს. რა ქნეს ახლა? – ეს საკითხი წაშალეს სიიდან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის კიდევ ერთი წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის უზურპაციისთვისაა მზად.

„კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ისინი ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციისთვის, იმისთვის, რომ გადაეფარონ კორუფციის გამო სანქცირებულ მოსამართლეებს[…] ეს მათ შორის საფუძველია იმისა, რომ სანქციები დაუწესდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საპარლამენტო რესპუბლიკაში კონსტიტუციას არღვევენ ასეთი საცოდავი პროცედურული ხრიკებით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიცირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.

კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი