„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება BBC-ის საგამოძიებო სტატიას და აცხადებს, რომ ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო და ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია.
საუბარია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ამასთან, მელია ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ, რომ BBC-ის საგამოძიებო სტატიაში დავით კეზერაშვილის სახელის მოხვედრა ახსნან. მელიას თქმით, „მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“.
„ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.
მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად – მოგვიანებით.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე – რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს “გამოსავალს”, “ახსნასა” და “განმარტებას” ეძებენ… შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში არამედ არსშია.
მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრათან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.
ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე – ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე. თუ ქართული ოცნების დეპუტატებს ვთხოვთ ან ვთხოვდით, ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა “მოსახერხებელი” პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან – ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ – ეს რეპორტაი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.