საზოგადოება

კეზერაშვილი გლობალური თაღლითური ქსელის უკან დგას – BBC-ის გამოძიება

12 აპრილი, 2023 •
კეზერაშვილი გლობალური თაღლითური ქსელის უკან დგას – BBC-ის გამოძიება

„ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

საუბარია ე.წ. ქოლცენტრების ფინანსურ თაღლითობაზე.

„ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტების თანახმად, მათ იდენტიფიცირებული აქვთ თაღლითური ქსელის 152 ბრენდი. პოლიციისთვის ეს ქსელის „მილტონ გრუპის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც თავდაპირველად 2020 წლამდე გამოიყენებოდა.

თაღლითური სქემა ასე გამოიყურება:

  • კომპანიები ათავსებენ რეკლამას სოციალურ ქსელებში, რომლებშიც ევროკავშირის მოქალაქეებს ინვესტიციის სანაცვლოდ დიდ მოგებას ჰპირდებიან;
  • დაინტერესებულ პირებს უკავშირდება თაღლითი და ამავე დაპირებით მსხვერპლს აკეთებინებს „ინვესტიციას“;
  • „ინვესტირების“ შემდეგ, თანხა რეალურად თაღლითების ხელში ხვდება – კრიპტოსავალუტო ანგარიშებზე გადარიცხვით კი კვალი იმალება.

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მსხვერპლისგან თანხის მიღების „გაიდლაინები“ მათ წინა წლის ნოემბერში, თაღლითური კომპანიების ოფისში ნახეს, როდესაც გერმანულმა და ქართულმა პოლიციამ იქ რეიდი მოაწყო.

ვინ დგას სქემის უკან – „ბი-ბი-სი“-ს გამოძიების მიხედვით

„ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებულ კომპანიებში დირექტორებად ფიგურირებს ხუთი ადამიანი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ მოძებნეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი მათგანი იყო ან დირექტორი, ან უფროსი ფიგურა კომპანიებში, რომლებიც „მილტონ გრუპამდე“ არსებობდა.

გამოძიების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციამ ისინი დავით კეზერაშვილის სახელთან და გვართან მიიყვანა.

გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არის. აგრეთვე, არ არის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, „მილტონ გრუპამდე“ არსებულ ქსელში დამფუძნებელად ან აქციონერად ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან და იციან, რომ იგი ჩართულია ქსელის საქმიანობაში.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობითვე, კეზერაშვილი ხშირად აპიარებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა „მილტონ გრუპის“ კომპანიების მერე.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია საოფისე შენობები თბილისსა და კიევში, რომლებშიც განთავსებული იყო კომპანიები.

ჟურნალისტები აგრეთვე ამბობენ, რომ „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების დირექტორების სოციალურ ქსელებში განთავსებულია ფოტოები, რომლებიც ადასტურებს მათ ახლო სოციალურ კავშირს კეზერაშვილთან, ერთ-ერთი მათგანი კი სულაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავია.

კეზერაშვილის ადვოკატებმა უთხრეს „ბი-ბი-სი“, რომ იგი უარყოფს რამენაირ კავშირს „მილტონ გრუპთან“. ბრალდებებს უარყოფენ გურამ გოგეშვილი და რატი ჭელიძეც. ბრალდებებს უარყოფს ჯოზეფ მგელაძეც. მაიკლ ბენიმინიმ კი არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი