ახალი ამბები

“დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს აღარ წამლავთ?!”, – მოსამართლის ანტიამერიკული განცხადება

7 აპრილი, 2023 • 3257
“დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს აღარ წამლავთ?!”, – მოსამართლის ანტიამერიკული განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ანტიამერიკულ კომენტარს წერს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს: “დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?”. აღნიშნული კომენტარი მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის პოსტზე დაწერა, სადაც თევზაძე აშშ-ს აკრიტიკებდა  მისი კოლეგებისთვის სანქციების დაწესების გამო.

“ლევან, არ შეიძლება არ დავეთანხმო შენს მოსაზრებებს მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული, რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ (“Somoza may be a son of a bitch, but he’s our son of a bitch.”). ამიტომ, ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.

ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.

პ.ს.
დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!? იმედია მეც დამასანქცირებთ!!!”, – წერს კაკაბაძე.

“ნეტგაზეთი” ვლადიმერ კაკაბაძის ფეისბუკ ანგარიშის ავთენტურობის დასადასტურებლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ცდილობენ მასთან დაკავშირებას და პასუხს შეგვატყობინებენ.


5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი