დღეს, 8 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებ კრიტიკული ჩანაწერები და რეზოლუცია შევიდა.

„ჰააგის დეკლარაციაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, დემოკრატიული უკუსვლის, მომიტინგეების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი ზომებისა და წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო.

გარდა ამისა, „ჰააგის დეკლარაციის“ თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

  • კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ხალხის, დემოკრატიული მმართველობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და საქართველოში ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიმართ, და ხაზს უსვამს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და იმის აუცილებლობას, რომ პოლიტიკური პროცესები დარჩეს ინკლუზიური, გამჭვირვალე და ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში;
  • კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და, ამავდროულად, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციას;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეძლოთ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა, თავი შეიკავოს ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნისაგან და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებსა და ეუთოს ვალდებულებებს, ასევე მოუწოდებს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მოხსენებაში მოცემული რეკომენდაციების დაუყოვნებლივი და სრული იმპლემენტაციისკენ;
  • კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს პრინციპების შესაბამისად, და მოუწოდებს ყველა მხარეს, გააგრძელონ ჩართულობა არსებულ საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხის გადაჭრას, დიალოგის ხელშეწყობას, სტაბილურობასა და ნდობის აღდგენას;
  • ხაზს უსვამს „2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით განვითარებული მოვლენების შესახებ“ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის 2026 წლის მოხსენების მიგნებებს, რომლებშიც აღნიშნულია განსახილველ პერიოდში დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის ძირითადი თავისუფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომების მეშვეობით, რაც არღვევს საერთაშორისო დონეზე სავალდებულო ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, და ყურადღებას ამახვილებს ძალადობის საგანგაშო ტენდენციაზე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში წამების ზღვარს აღწევდა;
  • ითვალისწინებს 2026 წლის მარტში საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტს, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს საპარლამენტო ჩართულობისა და დიალოგის გაძლიერების საქმეში, და ხაზს უსვამს მუდმივი საპარლამენტო ჩართულობის მნიშვნელობას ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებში არსებული მწვავე დემოკრატიული გამოწვევების გადაჭრაში;
  • მოუწოდებს საქართველოს, სრულად განახორციელოს „2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით განვითარებული მოვლენების შესახებ“ მოსკოვის მექანიზმის 2026 წლის მოხსენების რეკომენდაციები დემოკრატიული უკუსვლის აღმოსაფხვრელად, მათ შორის, ნაბიჯები პოლიტიკური პლურალიზმის დასაცავად და სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, და მკაცრად მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს დაუყოვნებლივი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა სავარაუდო ფაქტზე;
  • ითვალისწინებს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მოხსენებების მიგნებებს, მათ შორის მოხსენებებს ბელარუსისა და საქართველოს შესახებ, რომლებიც დოკუმენტურად ადასტურებენ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევებს, მათ შორის თვითნებურ დაკავებებს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას;
  • მხარს უჭერს ინკლუზიურ დიალოგსა და საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის მშვიდობიან მოგვარებას, მკაცრად გმობს ისეთი კანონმდებლობის მიღებასა და აღსრულებას, რომელიც უსაფუძვლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის თავისუფლებას, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებებს, აგრეთვე მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულ და არაპროპორციულ გამოყენებას, და მოუწოდებს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმებისკენ, ძალადობის, დაშინებისა და თვითნებური დაკავებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, საკუთარი უფლებების მშვიდობიანი რეალიზაციის გამო თვითნებურად დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებისკენ, აგრეთვე ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა სავარაუდო ფაქტზე (მათ შორის 2024 წლის პროტესტებზე) დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთათვის ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფით.

დეკლარაციის კრიტიკულ ჩანაწერებს „ქართული ოცნების“ დელეგაციის კრიტიკა და წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ „ქართული ოცნების“ დელეგაციამ კენჭისყრის დაწყებამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მე მაქვს პროცედურული შენიშვნა კენჭისყრის წესებთან დაკავშირებით და მსურს, საქართველოს დელეგაციის სახელით გავაკეთო შემდეგი განცხადება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ნაწილები განზრახ ამახინჯებს პოლიტიკურ რეალობას საქართველოში, უხეშად წარმოაჩენს მცდარად და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვებისა და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, მონაწილეობას არ მიიღებს კენჭისყრის პროცესში.

ორმაგად სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ჰააგაში — საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მსურს ვთხოვო სამდივნოს, სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის პროცედურების ოქმში, და ასევე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების პარლამენტს დიდი მასპინძლობისთვის და ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის პასუხად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსიმ განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია.

„როგორც იცით, ადგილების ცარიელი დატოვება, მათ შორის თქვენს ქვეყანაშიც, არ იყო კარგი გადაწყვეტილება, ასე რომ, თქვენ აქაც ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ადგილების ცარიელი დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, არის ერთად ყოფნა კონფლიქტების გადაჭრის მცდელობისას“, – განაცხადა პერე ჟოან პონსიმ.

რა წერია რეზოლუციაში?

გარდა კრიტიკული პუნქტებისა, „ჰააგის დეკლარაციაში“ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციაც შევიდა, რომლის სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არის. რეზოლუცია სახელწოდებით, „არჩევნების მთლიანობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა საქართველოში“, მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და 2024 და 2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებულ ყველა საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას.

რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

  • შეშფოთებულია საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან დარღვევებს, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებას, ზეწოლას საჯარო მოხელეებზე და ხმის მიცემის პროცესში ფარულობის დარღვევას;
  • შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნებით, ბიულეტენებით მანიპულირებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ ცნობებით, „კარუსელებითა“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლით;
  • გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ცვლილებებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რაც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და დამთრგუნველ ეფექტს ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე;
  • შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენებითა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციით, რამაც შექმნა არათანაბარი საარჩევნო გარემო, შეარყია საზოგადოებრივი ნდობა დემოკრატიული პროცესის მიმართ და ჩამოაყალიბა დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობა;
  • გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და იმ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თვითნებური დაკავებების, დაპატიმრებებისა და დევნის გაგრძელებას, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს;
  • კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული ურთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემის ეროზია და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ;
  • ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მის შესაბამისობაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

  • გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტპატიმარი, რომლებიც ასეთად არიან მიჩნეულნი ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მიერ;
  • გააუქმოს ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ზღუდავს ძირითად თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში;
  • დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებულ ყველა საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები;
  • ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან (OSCE/ODIHR) კონსულტაციით, დაიწყოს რეალური რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად;
  • უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ შეძლონ საქმიანობა დასჯის შიშის გარეშე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს თავის წევრებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას:

  • მუდმივად მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენა და მომავალი საარჩევნო პროცესების იმგვარად ორგანიზება, რაც სრულად შეესაბამება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს;
  • არ აღიარონ საქართველოში გამართული არცერთი არჩევნების შედეგები, რომლებიც არ იქნება აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ;
  • შეინარჩუნონ სიფხიზლე საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისას და გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიული ფასეულობებისკენ სწრაფვაში.