თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს.
ასე გამოეხმაურა იგი ძლიერი წვიმის შედეგად 6 ივლისს მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლას.
„უხვი ნალექის შედეგად, 6 ივლისს, მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს.
მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიექტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს – ერთი არის მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც ბინას 433 ოჯახი ელოდება, მეორე კი- ვაშლიჯვარში, სადაც ფართებით 114 ოჯახი დაკმაყოფილდება.
ასევე, კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნაბართვის კორექტირება დაევალა. მისი თქმით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს.
„რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალებათ გამაგრების სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
