ახალი ამბები

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა სანქციებამდე“ — თალაკვაძე

5 აპრილი, 2023 • 3209
„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა სანქციებამდე“ — თალაკვაძე

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოთხიდან ერთი მოსამართლე — ვალერიან ცერცვაძე — დიდი ხანია არ მუშაობს სასამართლო სისტემაში. მან ისაუბრა სასამართლო სისტემის პროგრესის შესახებ ჩამოთვლილი მოსამართლეების მუშაობის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

„სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფო დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებში; ევროსასამართლოში 60%-ით შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები; რეზონანსული საქმეები, პოლიტიკურად მოტივირებულს რომ უწოდებს ოპოზიცია, ეს ეხებოდა მედიასთან დაკავშირებულ დავებს, აქციებთან დაკავშირებულ დავებს, სპეცოპერაციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები და დაადასტურა ქართველი მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, — განაცხადა თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო კვლევებში იკავებს წამყვან პოზიციებს და აქვს ხელშესახები დაწინაურება სასამართლოს კუთხით. მან მაგალითად მოიყვანა ამერიკის ელჩის განცხადებაც, რომ არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა სასამართლოში და ძალიან ბევრი პროფესიონალი მოსამართლე მუშაობს სისტემაში.

„მოდით, იმ არგუმენტებს ესეც დავუმატოთ. თუ ეს ყველაფერი ასეა და ეს არ არის „ქართული ოცნების“ შეფასებები, დღეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, მეგობრებს შორის სანქციების ენაზე იწყება საუბარი და მოსამართლეებს ასანქცირებენ ისე, რომ ამაზე ინფორმირებული არ არიან… ძალიან სამწუხაროა, რომ სტრატეგიულ მეგობრებს შორის ურთიერთობაში გაჩნდა სანქციები, როგორც საურთიერთობო ინსტრუმენტი“, — განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი სასამართლო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

„იდეალური სასამართლო არა აქვს ამერიკის არცერთ პარტნიორ ქვეყანას და დღეს ვხედავთ, რომ იგივე შიგნით, ამერიკის შეერთებული შტატების შიგნითაც ძალიან ბევრი დისკუსიაა არაერთ საქმეზე, მათ შორის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ უნდა დაასანქციროს სასამართლო სისტემა“, — განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სანქცირება ძალიან სერიოზული საკითხია და არ არის საქილიკო და ამ საკითხს ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდება.

„თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯები, საზოგადოებას გავაგებინებთ“, — თქვა თალაკვაძემ.

სანქცირების ინსტრუმენტის გამოყენება, თალაკვაძის თქმით, არ არის სამართლიანი და კატეგორიულად მიუღებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გათვალისწინებით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

აშშ-მა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები დაასანქცირა

მასალების გადაბეჭდვის წესი