საზოგადოება

„ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს, გრცხვენოდეთ!“ — პრეზიდენტი

27 მარტი, 2023 • 3083
„ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს, გრცხვენოდეთ!“ — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შემაშფოთებელს უწოდებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამართლების კუთხით.

„გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომელსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩვენთვის გაუგებარია ადამიანურად და მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევით სრულდება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

მან დაგმო ქალებზე როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი თავდასხმა.

„ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, არანაირი კავშირი არ გააჩნია და შეუძლია, მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს; რომლის ისტორიას იცნობდნენ და იმედი მაქვს, იცნობენ, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას; რომელშიც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს პოლიტიკური ზიანიც.

„როცა ხელისუფლება თავს აწონებს 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორით ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით გამეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. გრცხვენოდეთ უნდა“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ბრიფინგს წინ უძღოდა თათია სამხარაძის მიმართვა სალომე ზურაბიშვილისადმი. თათია სამხარაძემ დაწერა, რომ სახლთან „პოსტივის“ რამდენიმე ჯგუფი დარაჯობს.

„ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!“ — დაწერა მან.


ბოლო დღეებში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე, საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.

მაკო ჯაბუაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის რამიშვილთან დაკავშირებით ბრალდებები დამაჯერებელი არ არის.

„7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს, დიდი ალბათობით, არის ფაშისტური კამპანიის ნაწილი.

ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც ფაშიზმის კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ძალიან საეჭვოა. ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება თათია სამხარაძეს, ის ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და მას ორი ინსტანციის სასამართლოც მოუგო.

რამდენიმე დღეა შალვა რამიშვილის ტელეარხ POSTV-ის გაჩაღებული აქვს თათია სამხარაძის წინააღმდეგ.

24 მარტს POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრმა დიმიტრი ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. რის შემდეგაც პოლიცია ჩიქოვანის სახლში მივიდა.

თავად თათია სამხარაძე აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ „პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით „პოსტივი“ ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. თათია სამხარაძის თქმით, გრძნობს და შიშობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საქართველოში საფრთხეშია.

26 მარტს რამიშვილის ტელევიზია აცხადებდა, რომ სამხარაძე კვლავ ჩიქოვანის ბინაში იმალებოდა. თუმცა ქალმა, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა სასამართლოში მოუგო, ფეისბუკზე დადო ვიდეო საკუთარი სახლიდან. ვიდეოზე ის მამასთან ერთად არის აღბეჭდილი.

თათია სამხარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ მისი შემავიწროებლის ტელევიზიის წარმომადგენლები ამ დრომდე მის საცხოვრებელ ბინასთან იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი