ახალი ამბები

რესპუბლიკურის არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე – ღარიბაშვილი

27 მარტი, 2023 • 856
რესპუბლიკურის არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას აქვს კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო და აღნიშნულ გეგმას რამდენიმე დღეში წარმოადგენს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

„მე მინდა, ასევე გითხრათ ძალიან მოკლედ. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, ბატონო ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.

ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე. არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილზე და არა სხვა ადგილზე ახალის აავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ეს მინდოდა მეთქვა ხაზგასმით, ასე რომ, არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა კლინიკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ითხოვდნენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და კლინიკის მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი კლინიკის აშენებას აპირებენ. რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ძვირადღირებულ ადგილზეა განთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი გამორიცხა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. როგორც მან 23 მარტს განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაინგრევა და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი საავადმყოფო შენდება.

კლინიკის თანამშრომლების სახელით გასულ კვირას გავრცელდა განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაანგრიოს რესპუბლიკური საავადმყოფო.

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუამ ადგილზე მისულ მედიას განუცხადა, რომ მათ აინტერესებთ კონკრეტული გეგმა კლინიკის რეაბილიტაციასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი