ახალი ამბები

პრემიერი ავტოკეფალიის აღდგენის მილოცვაში რუსეთს არ ახსენებს

25 მარტი, 2023 • 1595
პრემიერი ავტოკეფალიის აღდგენის მილოცვაში რუსეთს არ ახსენებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის 106-ე წლისთავს ულოცავს განცხადებით, რომელშიც ავტოკეფალიის გაუქმების მიზეზს — რუსეთს — არ ახსენებს.

ღარიბაშვილი წერს, რომ 1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ.

„დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. ავტოკეფალიის აღდგენა სრული სახით, ოფიციალურად აღიარება უძველესი ავტოკეფალიისა, სულ ახლახან, 1990 წელს, მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი შრომისა და საერთაშორისო ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას. თანამედროვე ეპოქაშიც, ევროპული საქართველოს შენებისას, სწორედ ის ტრადიციული ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს. ამდენად, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს — ესაა ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, და ამავე დროს – აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც ეკლესია ასრულებს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და უკეთესი მომავლის შენებაში“, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა 1811 წელს, მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს მისწერა: „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმინდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმინდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით“.

ასე გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის პოსტიც და ქართულ ეკლესიას სათავეში რუსი ეგზარქოსი ჩაუყენეს. ანტონ II რუსეთში გადაასახლეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს მთავრობა ისტორიულ მოვლენებს რუსული ოკუპაციის ხსენების გარეშე აღწერს. ერთი თვის წინ, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა გვერდმა Facebook-ში გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის და 102 წლის წინანდელი ოკუპაცია „ტრაგიკულ მოვლენად“ არის შეფასებული.

აღნიშნულს სოციალური ქსელის მომხმარებლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათ ასეულობით კომენტარი დატოვეს პრემიერ-მინისტრის განცხადების ქვეშ და შეახსენეს, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა და ამის ართქმა სირცხვილია. საქართველოს მთავრობის გვერდმა კრიტიკული კომენტარების უდიდესი ნაწილი წაშალა და ფეისბუქ-მომხმარებლები დაბლოკა.

ღარიბაშვილი: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“

მასალების გადაბეჭდვის წესი