ახალი ამბები

ღარიბაშვილი: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“

25 თებერვალი, 2023 • 1256
ღარიბაშვილი: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ.

„1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის — ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების – სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება. ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისთვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს. დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ“, — ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც Facebook-ში, მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პრემიერის განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის, რისთვისაც მას მოქალაქეები აკრიტიკებენ. საქართველოს მთავრობის სხვა პოსტებში ნათქვამია, რომ საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

„ქართული ოცნება“ საკუთარ მიღწევად თვლის, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც ომი არ ჰქონია. სახელისუფლებო პროპაგანდის ძირითადი ხაზი ეფუძნება ომის გაღვივების შიშს რუსეთთან „არგაღიზიანების პოლიტიკის“ საპირწონედ, ხოლო უკრაინაში ომის დაწყებიდან, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ირწმუნება, რომ გარკვეულ ძალებს დასავლეთში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი