ახალი ამბები

თუ ევროპელებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, უნდა მოგვცენ სტატუსი – ღარიბაშვილი

24 მარტი, 2023 • 1176
თუ ევროპელებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, უნდა მოგვცენ სტატუსი – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თუ ევროპულ პარტნიორებს უნდათ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, მათ საქართველოს უნდა მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დღეს ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატების პასუხობს. კითხვა-პასუხის დაწყებამდე, ღარიბაშვილი  სიტყვით წარდგა, რა დროსაც ისაუბრა კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზეც საქართველოსთვის.

ის ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა უმოკლეს ვადაში შეესრულებინა სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოლარიზაცია ნებისმიერ დემოკრატიაში არსებობს, შემდეგ კი ოპოზიციას მიმართავს და ეკითხება მათ, თუ რა გააკეთეს დეპოლარიზაციის მისაღწევად თავად. პრემიერი ასევე ადანაშაულებს ოპოზიციას „საბოტაჟში“, ამბობს, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს და შეახსენა ოპოზიციას მათი ბოიკოტი პარლამენტში.

„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას, მე მათ პირადად ვუთხარი ბევრჯერ, რომ ეს იყო შეცდომა, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი ისევე ავანსად, როგორც მისცეს მოლდოვასა და უკრაინას, ვინაიდან ჩვენი პროგნოზით, და ეს პროგნოზი სახეზეა რომ ახდა, პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა ქვეყანაში. ჩვენ რომ შევხედოთ, ერთი წლის განმავლობაში შემცირდა თუ არა პოლარიზაცია, ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ დესტაბილიზაციის მცდელობები, შარშან ივნისის აქციები, ახლა მარტის.

პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშო პროცესში, არ მიიღეს მათ მონაწილეობა ამ 12 რეკომენდაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, შესაბამისად, ჩვენი პასუხი მინდა საჯაროდ ვთქვა, რაც მე ღიად გავუზიარე ჩვენს ევროპულ პარტნიორებს. ეს არის შემდეგი: თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებსა და კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსი. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალურად მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ესაა რეალობა“, – აცხადებს ღარიბაშვილი.


2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, ხოლო მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს – კერძოდ, 12 რეკომენდაციას.

ამ პირობებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი