15 ევროპარლამენტარი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტის“ შესახებ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ.
ამის შესახებ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარები, რომელთა შორის „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის წევრებიც არიან, აცხადებენ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას.
„საქართველოს ძლიერმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროკავშირში წევრობის განაცხადისთვის ქვეყნის მომზადებაში.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დისკრედიტაციის შემდგომი მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შეზღუდვისგან და ამის ნაცვლად ხელი შეუწყოს თანამშრომლობისთვის გარემოს შექმნას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ დავეხმაროთ მის მიღწევაში“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პეტრას აუსტრევიჩიუსი
- მაიკლ გალერი
- სვენ მიკსერი
- ვიოლა ფონ კრამონი
- ანა ფოტიგა
- ნატალი ლუაზო
- ანდრიუს კუბილიუსი
- მარინა კალიურანდი
- ჰილდე ვაუტმანსი
- მირიამ ლექსმანი
- ტაის რუტენი
- მარკეტა გრეგოროვა
- კარენ მელქიო
- რაფაელ გლუკსმანი
- ურმას პაეტი
მანამდე განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა და თქვა, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებამ შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე.
ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.
მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს