ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა საქართველოს მიერ შევსებული კითხვარის მეორე ნაწილის შეფასება, რომელიც აფასებს ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან თავსებადობას.
ანგარიშში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწია საქართველომ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას.
აღნიშნული ანგარიში არ აფასებს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას.
ანგარიშში გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA), მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.
საქართველოს გარდა, მსგავსი ანალიტიური ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინისა და მოლდოვის მიერ შევსებულ კითხვარებთან დაკავშირებითაც.
როგორც ევროკომისია აცხადებს, სამივე განმცხადებელი ქვეყანა შეფასდა ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე.
რა მეთოდოლოგიით აფასებს ევროკომისია ქვეყნების თავსებადობას
გამოქვეყნებულ ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე საქართველოს მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა.
აღნიშნული ანგარიში შედგება 6 თემატური კლასტერისგან (ჯგუფისგან), რომელიც მოიცავს ევროკავშირის კანონთა კრებულის 32 თავთან საქართველოს კანონდმებლობის თავსებადობის შეფასებას.
დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობაზე, გარდა იმ სფეროებისა, რომლებიც დეტალურად იყო განხილული გასულ წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.
ანგარიში აფასებს 2022 წლის ივნისში არსებულ სიტუაციას, კერძოდ კი იმ დროისთვის, როცა ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება სამი ქვეყნის განაცხადთან დაკავშირებით.
ანგარიშში არსებული ვითარების შეფასებისას იყენებს შეფასების 5-დონიან სკალას:
- მომზადების ადრეული ეტაპი;
- მომზადების გარკვეული დონე;
- მომზადების საშუალო დონე;
- მომზადების კარგი დონე;
- კარგად განვითარებული.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 32 თავიდან 6-ში საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა, 17-ში აქვს მომზადების გარკვეული ეტაპი, 9-ში კი – მომზადების საშუალო დონე.
ფუნდამენტური სფეროები
ფუნდამენტური სფეროების ჯგუფი მოიცავს: მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, საჯარო შესყიდვებს, სტატისტიკასა და ფინანსურ კონტროლს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად.
„ქვეყანას აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით, ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით, უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. თუმცა ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, იმპლემენტაცია ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია ანგარიში.
რაც შეეხება საჯარო შესყიდვებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება საჯარო შესყიდვების სფეროში.
„ქვეყანამ კიდევ უფრო უნდა შეუსაბამოს თავისი საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის კანონმდებლობას, კონტრაქტორების ჩართვით კომუნალურ სექტორებში, და შეუსაბამოს მისი კანონმდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებში შესყიდვების შესახებ კონცესიების დირექტივას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, სტატისტიკის მხრივ, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე.
„უმეტესწილად, არსებობს ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები საჭირო სტატისტიკური მონაცემების მოსამზადებლად და სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს, შემაშფოთებელია რესურსების ადეკვატურობა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქსტატს, ჰყავს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა და ხელფასების დონე არ შეესაბამება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში დასაქმებულთა ხელფასებს. შედარებით შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება ფინანსური კონტროლის სფეროში.
„PIFC-ის კანონი (სახელმწიფოს შიდაფინანსური კონტროლი) ადეკვატური საფუძველია, PIFC-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განვითარებისა და ევროკავშირის PIFC მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
თუმცა მმართველობითი ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი და კონტროლი და შიდა აუდიტი არ ხორციელდება ეფექტიანად, ამის მიზეზია საჯარო სექტორში კანონის არსის, მისი შესაძლებლობებისა და სარგებლის ნაკლები გააზრება, სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებს შორის არაეფექტური ანგარიშვალდებულების არსებობა.
უნდა გადაიხედოს ფინანსური ინსპექციის როლი და გავლენა საჯარო სექტორში“, – აღნიშნულია ანგარიშში.
შიდა ბაზარი
აღნიშნულ ჯგუფში შედის: საქონლის თავისუფალი გადაადგილება, მუშახელის თავისუფალი გადაადგილება, დაფუძნების უფლება და მომსახურების გაწევის თავისუფლება, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობა, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ფინანსური სერვისები, მომხმარებლების და ჯანმრთელობის დაცვა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე საქონლის თავისუფალი გადაადგილების კუთხით.
რაც შეეხება მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, ანგარიშის თანახმად, ამ მიმართულებით საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანას დასჭირდება თავისი კანონმდებლობის ყოვლისმომცველი თანხვედრა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, მათ შორის ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაში შემუშავებულ წესებთან.
რაც შეეხება დაფუძნების უფლებას, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ დამკვიდრდნენ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში და გაწიონ ტრანსსასაზღვრო მომსახურება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო საშუალო დონეზეა მომზადებული დაფუძნების უფლების და მომსახურების გაწევის თავისუფლების კუთხით. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ ითვალისწინებს რაიმე განსხვავებებს ან დისკრიმინაციულ დებულებებს უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებთან დაკავშირებით, შექმნან კომპანიები და უცხოური იურიდიული პირების ფილიალები საქართველოში.
ევროკომისიის შეფასებით, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების კუთხით საქართველო საშუალო დონეზეა მომზადებული. მათი თქმით, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, რათა მოხდეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის გადახდის სერვისების დირექტივასთან და ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
კომისიის შეფასებით, საქართველო მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობის გარკვეულ დონეზე მზადაა ევროპულ კანონმდებლობასთან თავსებადობის კუთხით.
ანგარიშის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა საავტორო და სამრეწველო საკუთრების უფლებებზე ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ზოგიერთ სფეროში, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. გარდა ამისა, უნდა გაუმჯობესდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კონკურენციის პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზა უნდა გამოასწოროს.
ანგარიშის მიხედვით, ფინანსური სერვისების სფეროში საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე. თუმცა, კომისიის შეფასებით, საქართველოს მოუწევს მნიშვნელოვანი დამატებითი საკანონმდებლო და ოპერატიული ნაბიჯების გადადგმა მრავალ სფეროში.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება მომხმარებელთა დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვისა და ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მისი სათანადო აღსრულების უზრუნველყოფას.
კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა
აღნიშნული ჯგუფი მოიცავს: ციფრული ტრანსფორმაციასა და მედიას, გადასახადებს, ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას, საწარმო და ინდუსტრიულ პოლიტიკას, მეცნიერებას და კვლევას, განათლებას და კულტურას, საბაჟო კავშირს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე საზოგადოების ინფორმირებისა და მედიის სფეროში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებისადმი შესაბამისობაში მოსაყვანად.
„საქართველოს აქვს რამდენიმე ციფრული პოლიტიკის სტრატეგია, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი შესაბამისობა ევროკავშირის „ევროპის ციფრული მომავლის განსაზღვრის“ და „ციფრული კომპასის“ პოლიტიკასთან. არ არის თვალსაჩინო ევროპული ელექტრონული კომუნიკაციების კანონების მუხლების იმპლემენტაცია.
არ არის საყოველთაო მომსახურების რეჟიმი, რის გამოც ევროპული ელექტრონული კომუნიკაციების კანონებით გათვალისწინებული საყოველთაო მომსახურების იმპლემენტაცია არ არის შესაძლებელი. არ არის კონკრეტული საკანონმდებლო აქტები თუ წესები ინტერნეტზე ღია წვდომაზე. როგორც ჩანს, არის პროგრესი ევროკავშირის აუდიო და ვიზუალური მედიასერვისების დოკუმენტთან შესაბამისობაში მოსვლის მიმართულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მზადყოფნის გარკვეული დონე გადასახადების სფეროში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადადგმულია ნაბიჯები დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობაში მოქცევაში. ამასთან, კომისია ამბობს, რომ კანონმდებლობა პირდაპირ გადასახადებთან დაკავშირებით უნდა იყოს მოყვანილი შესაბამისობაში ევროპულთან და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან.
ანგარიშის თანახმად, საქართველო საშუალოდ დონეზეა მზად ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის კუთხით.
„რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ეროვნული ბანკი ეფექტიანი ინსტიტუტია. მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და მტკიცდება პრაქტიკაში. თუმცა რიგი სამართლებრივი ნორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უფრო ფართოდ უნდა იყოს ახსნილი და მოვიდეს შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, საჭიროა შრომა გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა საპარლამენტო საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ინსტიტუციური მოწყობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო მომზადების გარკვეული დონეზეა სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში. მათი თქმით, საჭიროა მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანადა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო საშუალო დონეზეა მომზადებული საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკის სფეროში.
კომისიის შეფასებით, საქართველომ ძალიან მოკლე დროში მიაღწია კარგ პროგრესს კვლევისა და ინოვაციების სისტემის ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაში. ანგარიშის თანახმად, საქართველო საშუალო დონეზეა მომზადებული მეცნიერებისა და კვლევის სფეროში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველო საშუალო დონეზეა მომზადებული განათლებისა და კულტურის სფეროშიც. ასევე, საქართველოში განათლების სისტემა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის მიზნებს. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ საქართველოს კულტურის პოლიტიკა ფართოდ ასახავს კულტურის ახალი ევროპული დღის წესრიგის ზოგად პრიორიტეტებს.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო საშუალო დონეზეა მომზადებული საბაჟო კავშირის სფეროში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საბაჟო კანონმდებლობა სრულად არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა ადმინისტრაციული და ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და საბაჟო სამსახურის რესურსების გაზრდა.
მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა
აღნიშნულ ჯგუფში შედის: სატრანსპორტო პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსევროპული ქსელები, გარემოს და კლიმატის ცვლილება.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს გარკვეული დონის მზადყოფნა სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანას სჭირდება სატრანსპორტო პოლიტიკის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი დანერგვა ყველა სექტორსა და ხელისუფლების ყველა დონეზე.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სფეროშიც გარკვეული დონის მზადყოფნა აქვს. მათი თქმით, ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია მისი ფრაგმენტული, არათანმიმდევრული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების მიზნით.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება ტრანსევროპული ქსელების სფეროში. მათი თქმით, ქვეყანაში სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არასაკმარისად არის განვითარებული.
„საკანონმდებლო ბაზა უნდა შეესაბამებოდეს ტრანსევროპული ქსელების ტრანსპორტისა და ტრანსევროპული ქსელების ენერგეტიკის რეგულაციებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო გარემოსა და კლიმატის ცვლილების სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა.
რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა
აღნიშნულ ჯგუფში შედის: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა, თევზის რეწვა, რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია, ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა.
„საქართველოს მოუწევს, სრულად გაერთიანდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში და ჩამოაყალიბოს სტრუქტურები, სისტემები და ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რათა შეძლონ მისი ეფექტურად დანერგვა და აღსრულება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის სფეროში.
„არსებობს საკანონმდებლო დაახლოებასა და ეფექტურ განხორციელებას შორის სხვაობის გაღრმავების რისკი. საჭიროა სურსათის უვნებლობის განხორციელების ყოვლისმომცველი სტრატეგია, პოლიტიკის გადახედვა და ინსტიტუციური რეფორმები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება თევზის რეწვის სფეროში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ გააჩნია ჰარმონიზებული მეთევზეობის პოლიტიკა.
„უნდა შემუშავდეს მეთევზეობისა და აკვაკულტურის ბაზრის პოლიტიკა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეგიონული პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზა საჭიროებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
„რეგიონული განვითარება და ერთიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. საჭიროა ეფექტიანი კოორდინაცია ხელისუფლების დონეებს შორის შესაბამისი სექტორის სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების მომზადებისა და განხორციელების მიზნით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ფინანსურ და საბიუჯეტო დებულებებს, ეს თავი მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტის („საკუთარი რესურსები“) დაფინანსების წესებს. ეს რესურსი, მათ შორის, შედგება ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს მთლიან ეროვნულ შემოსავალზე დაფუძნებულ შენატანებს, საბაჟო მოსაკრებლებს…
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები ადეკვატური კოორდინაციისა და სწორი გაანგარიშების უზრუნველსაყოფად, საკუთარი რესურსის შეგროვების, გადახდისა და კონტროლისთვის.
„საკუთარი რესურსების კუთხით საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა. არსებობს ძირითადი პრინციპები და ინსტიტუტები ძირითადი პოლიტიკის სფეროებისთვის და ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ესაჭიროება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომ შესაბამისობაში მოყვანა “, – ნათქვამია ანგარიშში.
საგარეო ურთიერთობები
ეს ჯგუფი მოიცავს საგარეო ურთიერთობებსა და საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო საშუალო დონეზეა მზად საგარეო ურთიერთობების სფეროში.
„საქართველოს აქვს კარგი ადმინისტრაციული უნარი, მართოს ვალდებულებები სავაჭრო ურთიერთობებში, ხოლო როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ევროკავშირის მსგავსად, უკვე მიჰყვება ბევრ მრავალმხრივ სავაჭრო შეთანხმებას. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტის კონტროლის, საექსპორტო კრედიტებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით“, – აღნიშნულია ევროკომისიის დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ აქვს ეროვნულ დონეზე მოქმედი ჩარჩოები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გასაკონტროლებლად ისეთ სტრატეგიულად მგრძნობიარე სექტორებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა ან ტექნოლოგია.
„საქართველოს არ აქვს რაიმე კონკრეტული კანონმდებლობა იმ საქონლის ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სიკვდილით დასჯისთვის, წამებისთვის ან სხვა არაჰუმანური მოქმედებებისთვის. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს, საქართველომ აჩვენა კარგი უნარი, მართოს თავისი ვალდებულებები საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში. რაც შეეხება შესრულებას, ინსტიტუციური შესაძლებლობები გაძლიერდა და შეიცვალა.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, საქართველო მისი მიმღებია და არა გამცემი. საქართველოს მხოლოდ გარკვეული მხარდაჭერა აქვს გაწეული სხვა ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ევრკომისიის შეფასებით, ამ მიმართულებით საქართველოს მზადყოფნა საშუალო დონისაა.
ევროკომისიის შეფასებით, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო საგარეო და უსაფრთხობის პოლიტიკაში დასაახლოებლად, კონკრეტულად კი, ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან მიერთება და შემზღუდავი ზომების მიღება, როცა და სადაც საჭიროა.
„საქართველოს აქვს 43-61% შესაბამისობა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) დეკლარაციებთან და შემზღუდავ ზომებთან, ბოლოდროინდელი კლების დინამიკით.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სანქციების კანონმდებლობა, რომლითაც იხელმძღვანელებ სხვა შემაკავებელი ზომების განხორციელებასას, გარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზომებისა, საქართველოს ადმინისტრაციას შეუძლია ევროკავშირის სანქციების განხორციელება ამ სანქციებთან შესაბამისობაში მოსვლის შემთხვევაში.
საქართველოს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის, ბელარუსის ან მიანმარის წინააღმდეგ და არ მიერთებია გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული იყო ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში“, – აღნიშნულია ანგარიშში.