ახალი ამბები

ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის წინააღმდეგი ხართ – წილოსანი რამიშვილის კრიტიკაზე

21 მარტი, 2023 • 2169
ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის წინააღმდეგი ხართ – წილოსანი რამიშვილის კრიტიკაზე

დღეს, 21 მარტს, პარლამენტში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე“ მსჯელობისას განხილვის თემა გახდა ქალების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ.

„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა თავის გამოსვლისას შალვა რამიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა რამიშვილის  წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი და დადასტურებულია, რომ თავის თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა, უმრავლესობის წევრები მის ტელევიზიაში სხედან და მასთან თანამშრომლობენ.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ [ქალთა] ეკონომიკურ გაძლიერებაზე, თქვენ კარგად იცით, რომ ძალადობა, შევიწროება და ეკონომიკური შესაძლებლობები, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. რამდენი კონცეფციაც არ უნდა მიიღოს ამ პარლამენტმა და რამდენი საათიც არ უნდა ხარჯოთ თქვენ, მე და სხვა ადამიანებმა ამ პარლამენტში, ასეთი პოლიტიკური განცხადებები და ხელის დაფარება მოძალადეებზე, რომლებიც სასამართლოს მიერ არიან მხილებული შევიწროვებაში, მათთან ეთერში ჯდომა, ამ ადამიანების მთავარ პროპაგანდისტებად გამოყვანა და მათი იდეოლოგიით ცხოვრება, ამ ძალიან დიდ და სწორ შრომას წყალში ყრის. ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, მათ შორის გენდერული საბჭოს შეურაცხყოფა[…]

მისი პროპაგანდა არის თქვენი პროპაგანდისტული ხაზის მთავარი საყრდენი. ამის შემდეგ ვერ დავიჯერებ, რომ ქალთა უფლებები გაწუხებთ, როცა არ ემიჯნებით ასეთ ადამიანებს[…] თქვენ ხართ ძალადობაში მხილებული ადამიანის თანამოაზრე, მასთან თანამშრომლობთ“, – მიმართა ანა ნაცლიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

აღნიშნულის პასუხად პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ნაცვლიშვილის განცხადება „ფაშისტურია“ და ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდებულების რესოციალიზაციას ეწინააღმდეგება.

„რაც შეეხება კონკრეტულ პირს, რომელზეც ამბობთ, რომ მის ეთერში რომელიმე ჩვენი კოლეგა ზის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდებულების რესოციალიზაციის წინააღმდეგი ხართ, ამით შეურაცხყოფას აყენებთ ყველა ადამიანს,  რომელსაც ოდნავ მაინც კი სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღია. თურმე შემდეგ ეს ადამიანები უნდა მოგლიჯოთ საზოგადოებას და  ფაშისტურად გარიყოთ სოციუმიდან, რომელსაც არ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები, ყველა ადამიანი, რომელიც ქალზე ძალადობს, უნდა იყოს დასჯილი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


ბოლო 24 საათში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.

3 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ამხელს რამიშვილს – მას და „ოცნებას“ ერთნაირი გზავნილები აქვთ

მასალების გადაბეჭდვის წესი