ახალი ამბები

დაცვის პოლიციელი სისტემის მხილებისთვის 6-წლიანი პატიმრობით დასაჯეს — ადვოკატი

17 მარტი, 2023 • 8132
დაცვის პოლიციელი სისტემის მხილებისთვის 6-წლიანი პატიმრობით დასაჯეს — ადვოკატი

დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნატალია ზარდიაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სისტემის მხილებისთვის დასაჯა და რეალურად, დანაშაული არ ჩაუდენია.

როგორც ნატალია ზარდიაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, საქმე ეხება 2020 წლის 8 თებერვალს  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მომხდარ ინციდენტს, სადაც ნატალია ზარდიაშვილი მუშაობდა.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, ნატალია ზარდიაშვილმა და მისმა მეწყვილემ ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თუმცა ადვოკატის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე დისციპლინარული წარმოება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნატალია ზარდიაშვილმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ნარკოდანაშაულში საჯაროდ ამხილა.

„საინტერესო ის არის, რომ საქმეზე დისციპლინარული წარმოება დაიწყო 2020 წლის 6 ივლისს, თითქმის 6 თვის შემდეგ. მანამდე, ამ 6 თვის განმავლობაში, ხელმძღვანელობამ იცოდა ამ ფაქტის შესახებ და ჰქონდათ ჩანაწერები, თუმცა 6 თვის განმავლობაში სამართლებრივი რეაგირება არ მიუციათ.

სამართლებრივი რეაგირება მიეცა მას შემდეგ, რაც ნატალია ზარდიაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა ამ ცენტრში შესაძლო დანაშაულებებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ნარკოტიკულ დანაშაულებს, და ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა წამლის გატანას და ამ ყველაფერთან შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო სხვადასხვა პირი.

ამაზე სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ნოდარ მელაძის „შაბათში“ გავიდა, ამავე სიუჟეტზე POSTV-ზე გამოქვეყნდა სიუჟეტი, სადაც გაჩნდა 2020 წლის 8 თებერვლის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა. ამის შემდეგ დაიწყეს ნატალია ზარდიაშვილის მიმართ დისციპლინარული წარმოება, შემდეგ გადასცეს მაშინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძია და წაუყენა ბრალდება 2020 წლის ბოლოს“, — ამბობს ნეტგაზეთთან ედუარდ  მარიკაშვილი.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, პროკურატურა ნატალია ზარდიაშვილს ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ გაიზიარა და მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

თუმცა, ადვოკატის თქმით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ნატალია ზარდიაშვილი ამ კვალიფიკაციით და ბრალდებით გაემტყუნებინათ და, მით უმეტეს, 6 წელი მიესაჯათ.

„დაზარალებული პირი ამბობს, რომ მას ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია და ამბობდა, რომ შეელახა ღირსება იმიტომ, რომ ფიზიკური ძალა გამოიყენეს მის მიმართ. მხოლოდ ეს ფაქტი ჩაითვალა საკმარისად იმისთვის, რომ ამ მუხლით გაემტყუნებინათ ნატალია ზარდიაშვილი“, — ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნატალია ზარდიაშვილის უმკაცრესად დასჯაა სისტემის მხილების გამო.

საქმის პროკურორის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და განაჩენი ეფუძნება დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებებს და საქმეზე დართულ მტკიცებულებებს, მათ შორის, ვიდეოჩანაწერს.

როგორც ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, 18 მარტს აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.

უწყების თქმით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ცენტრის ბენეფიციარს, რითაც შეილახა დაზარალებულის პირადი ღირსება, ასევე პროკურატურის განცხადებით, დაირღვა მისი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

უწყებაში ამბობენ, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულს საქართველოს პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა:

„საქართველოს პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურებული იყო ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასახული იყო ვიდეოჩანაწერზე. დაზარალებული თანახმა იყო ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათების, თუნდაც პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, თუმცა ბრალდებულმა უარი განცხადა საპროცესო შეთანხმებაზე და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი