ახალი ამბები

ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება — 3 ოპოზიციური პარტიის განცხადება

13 მარტი, 2023 • 922
ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება — 3 ოპოზიციური პარტიის განცხადება

“ფორმულა გვაქვს: ვნახეთ წინა დღეების განმავლობაში, თუ როგორაა შესაძლებელი, სისტემამ უკან დაიხიოს”, — თქვეს სამი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე. პოლიტიკოსების  განცხადებები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კონტექსტში ოპოზიციის სამოქმედო გეგმას ეხებოდა.

ერთობლივი ბრიფინგი გამართეს პარტიების — “გირჩი — მეტი თავისუფლება”, “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” — ლიდერებმა.

“სისტემა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, თუ როგორ შეიძლება, მას დავახევინოთ უკან”, — დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი სიტყვებით, “მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, თუ რამ მოიტანა ეს გამარჯვება, რა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ შევძელით სისტემის დამარცხება”.

“ჩვენი აზრით… ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო, გასაგები, არაორაზროვანი და დიპლომატიური ენისგან დაცლილი გზავნილები, თუ რა იყო გასაკეთებელი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით. აქ მარტო პოლიტიკური პარტიები არ იგულისხმება:

აქ იგულისხმება ასევე სამოქალაქო სექტორი, ცნობადი სახეები, ადამიანები, ვისაც გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე”, — დასძინა მან და დაამატა, რომ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემდგომი ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს ხსენებული “ფორმულის” გამოყენებით.

“საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მართლაც, ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ კანონის სახით ერთი წინაღობა მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, საბოლოო ჯამში, ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე დგას ქართული ოცნება.

ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო კონსოლიდაციასა და საერთაშორისო მხარდაჭერას. და ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლის პასუხისმგებლობას, რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც აუცილებელია ჩვენი კანდიდატობის მისაღებად, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და იგივე კონსოლიდაციით შევუტიოთ მთავრობას”, — დასძინა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვებით, ხელისუფლების “თაღლითური კანონები” ამიერიდან აღარ გავა:

“უნდა იყოს სწორედ ისეთი ინიციატივები, რომელიც ამ მოთხოვნებს შეასრულებს. რა არის ამ მოთხოვნების შინაარსი: არა რუსულ და კლანურ სასამართლოს; არა იმ საარჩევნო სისტემას, რომლითაც არჩევნებს აყალბებთ; არა ოლიგარქიას; არა პოლიტპატიმრებს.

სწორედ ამ შინაარსთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები როგორც პოლიტიკურ სპექტრთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან… უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული მკაფიო ნაბიჯები, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არა სექტემბერში და ოქტომბერში, არამედ უახლოეს მომავალში — შემდგომ სასესიო კვირებში, იგივე პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ.

ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ როგორც ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთში კოორდინაციას და მათთან მუშაობას, ისე პირველ რიგში ქართულ საზოგადოებასთან მუშაობას. ძალიან მკაფიოდ”.

რა ხდებოდა

„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილებიი იყნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი