დღეს, 9 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ რუსულ კანონპროექტს, რომელსაც 7 მარტს დაუჭირა მხარი, „გაიწვევს“ და „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად“ მოსახლეობას განუმარტავენ, რატომ მიაჩნიათ ის მნიშვნელოვნად.
რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო?
ამჟამად პარლამენტში „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ორი ვარიანტია ინიცირებული —ერთი, რომელსაც „ოცნება“ „ქართულს“ ეძახის, ანუ კანონპროექტის პირველი ვერსია, ხოლო მეორე, რომელსაც მმართველი გუნდი „ამერიკულს“ უწოდებს. ორივე კანონპროექტის შინაარსი ერთი და იგივეა, მნიშვნელოვანი სხვაობა ისაა, რომ „ამერიკული“ ვერსია გაუარესებულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აგენტად არდარეგისტრირების შემთხვევაში.
7 მარტს „ოცნებამ“ ამ კანონპროექტის ე.წ. ქართული ვერსია მიიღო. თუმცა მას უკან ვეღარ გამოიწვევს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანამად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება „აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.” ეს რუსული კანონისთვის ვერ მოხდება, რადგან პირველი მოსმენით, უკვე მიიღეს.
შესაბამისად, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფეისბუკზე წერს, მმართველ გუნდს ახლა ორი გამოსავალი აქვს:
„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულა.რა არის საჭირო?1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.ასე რომ, უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე.”
დღეს პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ აქციისას დაშავებული ინფრასტურქტურს აღდგენის გამო ამ კვირაში სასესიო სხდომები არ ჩატარდება. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ კანონპროექტს ამ კვირაში ვერ „ჩააგდებენ“.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.