ახალი ამბები

რჩევები: როგორ მოვიქცეთ, თუ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

8 მარტი, 2023 • 3863
რჩევები: როგორ მოვიქცეთ, თუ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

7 მარტის აქციის დარბევისას პოლიციამ და სპეციალური რაზმის ქვედანაყოფებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სპრეიც და ცრემლსადენი გაზიც დიდ ფიზიკურ დისკომფორტს — ტკივილს, წვას, გულისრევასა და სხვა სიმპტომებს იწვევს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სიმპტომებთან ბრძოლის სწორი გზა, რათა უფრო არ გამწვავდეს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ პირველადი დახმარების ცენტრის • First Aid Center-ის რჩევებს, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ამგვარ სიტუაციაში მოხვდით.

„მიხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინაღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აჰყვეთ პანიკას:

  • გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე,
  • უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.

სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:

  • დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
  • ან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება ”ჩარეცხოს” თვალებში);
  • არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
  • თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
  • მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით, ან გელით, გრილი/ნელ-თბილი წყლით 10 – 15 წთ-ის განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
  • არ დაიზილოთ დაზიანებული არე;
  • სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს“, – წერს ცენტრი.

ასევე ნახეთ რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჭყლეტვაში მოყევით.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი