ახალი ამბები

ყაველაშვილის თქმით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე “ამჩატდნენ”

7 მარტი, 2023 • 6513
ყაველაშვილის თქმით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე “ამჩატდნენ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე “ამჩატდნენ”.

ასე გამოეხმაურა ყაველაშვილი შანიძისა და არველაძის მიერ რუსული კანონპროექტის კრიტიკას. საუბარია კანონპროექტზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ყაველაშვილიცაა.

ყაველაშვილს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების — “დინამოსა” და “გაგრას” — განცხადებებთან დაკავშირებით.

“აქ დაასახელეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწეც ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა”, — განაცხადა ყაველაშვილმა.

კითხვაზე, შოთა არველაძე, “გაგრა”, “დინამო”, მზექალა შანიძე “ამჩატდა” თუ არა, ყაველაშვილი პასუხობს:

“არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა, სამწუხაროდ”, —განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, ეს ხალხი ცრუ ინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან.

“ეს არის ხელმოცარული პოლიტიკოსების და მასთან მიტმასნილი NGO სექტორის გაფართხალება. ეძებენ მიზეზებს, რომ ვნებათაღელვა გამოიწვიონ საზოგადოებაში და როგორმე მიიტანონ ეს ნეგატივი ჩვენთვის ძვირფას საზოგადოების წევრებამდე.

თითქოს კურსი შეცვალა ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს და ევროპაზე უარს გვათქმევინებენ… მსგავსი შეფასებებით. როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან არ ვიცი, იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული. ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები “ფეიკის” სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან”, — განაცხადა ყაველაშვილმა.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი