ახალი ამბები

შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან – ომბუდსმენის აპარატი „უცხოეთის აგენტებზე“

17 თებერვალი, 2023 • 1055
შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან – ომბუდსმენის აპარატი „უცხოეთის აგენტებზე“

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა, რაც შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა რეალიზების ხელშეწყობაში.

„გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ ასეთ გაერთიანებებს ანიჭებს უფლებას, მოიძიონ, მიიღონ და გამოიყენონ რესურსები (მათ შორის მიიღონ დაფინანსება უცხოური წყაროებისგან) საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ამავდროულად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შექმნან ხელშემწყობი გარემო, რომელშიც უფლებადამცველს დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნებათ.

გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციისა და უნგრეთის კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.

კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც მათ შორის შესაბამის ქვეყნებში „უცხოურ აგენტებად“ მათი გამოცხადებისთვის საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამდაგვარად ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა ქმნის მათ მიმართ უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატი ასევე იშველიებს ვენეციის კომისიის განმარტებას, რომ ხსენებული ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს.

„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან. საყურადღებოა ისიც, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს აგრეთვე ორგანიზაციების აგენტებად რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე და ეს შესაძლებლობა კანონით არ უნდა იყოს დადგენილი“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით ყურადღებას ამახვილებს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან შეუსაბამოდ მიიჩნია უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან.

„ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიჩნეული და მათთან სხვადასხვა სახის ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების საფუძველს.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული, შესაძლოა, გაუმართლებელ ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებდეს თავად ორგანიზაციებს და წყვეტდეს მათ ძირითადი საქმიანობისგან, ის შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ნებისმიერი იმ ინდივიდის პერსონალური მონაცემების დამუშავების და გასაჯაროების შესაძლებლობის შექმნით, ვინც რაიმე სახის, მათ შორის, შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ამ ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ გაერთიანებების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და ამ მიზნის მიღწევის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება, ისევე როგორც საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი, (eAIMS) არც საქართველოსთვის არის უცნობი.

„თუმცა, იმისთვის, რომ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტით უფლებებში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს, ის უნდა იყოს აუცილებელი „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, შემზღუდველი საშუალებები და თანმდევი პროცედურები არ უნდა იყოს არათანაბარზომიერი, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქნება შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი