ახალი ამბები

ლომჯარია „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის განხილვასაც კი დივერსიას უწოდებს

16 თებერვალი, 2023 • 1646
ლომჯარია „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის განხილვასაც კი დივერსიას უწოდებს

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი
საქართველოს ევროპული პერსპექტივის გასანადგურებლად მოწყობილი დივერსიაა.

ამის შესახებ ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„გავეცანი კანონპროექტს. გარდა იმისა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ძალიან დაბალი დონის დოკუმენტია, მისი შინაარსი გახლავთ პუტინის რუსეთში მოგონილი და მიღებული კანონების გადმომღერება, მსოფლიოში მსგავს კანონებს ერთი სახელი აქვთ, „პუტინის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი“ და ის ავტორიტარიზმის ოფიციალურად გაფორმების აქტად აღიქმება.

მისი არათუ მიღება, არამედ საპარლამენტო განხილვაში შესვლაც კი არის დივერსია მოწყობილი საქართველოს ევროპული პერსპექტივის გასანადგურებლად“, – წერს ნინო ლომჯარია.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა  განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი