ახალი ამბები

„ხალხის ძალას“ პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეაქვს

14 თებერვალი, 2023 • 2169
„ხალხის ძალას“ პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეაქვს

საპარლამენტო უმრაველოსობის წევრები „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში აინიცირებენ.

ამის შესახებ მათ დღეს, 14 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს.

„ერთი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაიინიცირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში ვაიინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, – ნათვქამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ხალხის ძალა“ ირწმუნება, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია „სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა“.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, მათ მიერ შემოთავაზებული კანონით,  შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი ფინანსდება „უცხოური ძალების“ მიერ.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, მათი კანონპროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

„იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

ამასთან, „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ მათ  „პრაქტიკულად დაასრულეს“ მუშაობა მედიის შემზღუდავ კანონპროექტზე და მის ინიცირებას უახლოეს დღეებში მოახდენენ. მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტი „მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ“.

NGO-ების შეზღუდვების რუსულ-უნგრული გამოცდილება

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეზღუდვების შემოღებაზე საუბრისას ოპოზიციის წევრებს ახსენდებათ  „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც რუსეთში 2012 წლიდან არსებობს, რომლის მიხედვით არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, ავალდებულებს, უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირდნენ.

თუმცა კანონის მიღების შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ ცნება კიდევ უფრო გაფართოვდა და უცხოეთის აგენტთა კატეგორიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები, რუსეთის ცალკეული მოქალაქეები და აქტივისტებიც, რის შედეგადაც არაერთი მათგანის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნა.

მიმდინარე წელს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოური აგენტების“  შესახებ რუსული კანონმდებლობა  ადამიანის უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელი დონორების კონტროლი 2017 წლიდან გამკაცრდა უნგრეთშიც. უნგრეთის კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ (24 000 ევროზე მეტს), ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ ფინანსირებას იღებს“ და ყოველწიურად დეტალური ანგარიში უნდა წარადგინონ.

თუმცა, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ძირითად უფლებებს არღვევს და ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი