ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი თურქეთში ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

8 თებერვალი, 2023 • 682
საქართველოს პარლამენტი თურქეთში ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის.

საქველმოქმედო აქციის დაწყება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დააანონსა.

„ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას შეაგროვებენ და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9 500-ს გადააჭარბა. თურქეთში 7 108 დაღუპული აღრიცხეს, სირიის სახელმწიფო მედია კი 2 547 დაღუპულზე საუბრობს.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან 100 მაშველი გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.