ახალი ამბები

გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა – ღარიბაშვილი

6 თებერვალი, 2023 • 1109
გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას სურს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყოს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 6 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება

„მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება.

ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე, და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება.


საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

ტვირთბრუნვა იზრდება, ანაკლიის პორტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი