საზოგადოება

ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება — ღარიბაშვილი

12 დეკემბერი, 2022 • 981
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება.

ღარიბაშვილის თქით, რამდენიმე თვის წინ დაავალა ეკონომიკის სამინისტროს და ახლა აქტიური მუშაობა მიდის ახალი ტენდერის მომზადებაზე.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს უცხო კომპანიებთან თუ სხვა კომპანიებთან ერთად. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“, — განაცხადა პრემიერმა.

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

ტვირთბრუნვა იზრდება, ანაკლიის პორტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი