ახალი ამბები

ისრაელმა ღაზა დაბომბა: სარაკეტო ცეცხლი და დაძაბულობა სისხლიანი რეიდის შემდეგ

27 იანვარი, 2023 • 1060
ისრაელმა ღაზა დაბომბა: სარაკეტო ცეცხლი და დაძაბულობა სისხლიანი რეიდის შემდეგ

ისრაელის თვითმფრინავებმა პარასკევს, გამთენიისას, ღაზის სექტორზე დარტყმა მიიტანეს. მანამდე იყო რაკეტების სროლა სექტორში განლაგებული პალესტინელი შეიარაღებულების მხრიდან, რასაც, თავის მხრივ, წინ უძღოდა ისრაელის რეიდი დასავლეთ სანაპიროს პალესტინურ ქალაქ ჯინინში. რეიდის დროს 9 ადამიანი მოკლეს.

რა მოხდა ღაზაში

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, თავდაპირველად, შუაღამისას, ღაზის სექტორიდან ისრაელისკენ 2 რაკეტა ისროლეს, რომლებიც თავდაცვის სისტემებმა გააუვნებელყო.

თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ ნასროლი კიდევ რამდენიმე რაკეტიდან ზოგიერთი ღია სივრცეში ჩამოვარდა, ზოგი — გააუვნებელყვეს, ზოგმა კი ისრაელს ვერ მიაღწია და ღაზის სექტორის შიგნით ჩავარდა.

კატარული “ალ-ჯაზირა” წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელმა ღაზაში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა. ტელეარხის ცნობით, დარტყმა მიიტანეს ღაზის სამხრეთში მდებარე ალ-ზაითუნის დასახლებაზეც ისევე, როგორც ღია სივრცეზე ქალაქ ბაით ჰანუნში, ღაზის ჩრდილოეთით.

თავად ისრაელის არმია ამბობს, რომ ალ-მაღაზის ბანაკში დაარტყეს მიწისქვეშა ნაგებობას, რომელშიც რაკეტებს ამზადებდნენ. არმიის თქმით, ნაგებობა საცხოვრებელ შენობებს შორის იყო განთავსებული. ისრაელი ამბობს, რომ დაბომბა ბაზაც, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფება “ჰამასი” იყენებდა.

ისრაელის ოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე

სარაკეტო ცეცხლს წინ უძღოდა ისრაელის რეიდი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინური ქალაქის, ჯინინის ლტოლვილთა ბანაკში. BBC იმოწმებს ცნობებს, რომელთა თანახმადაც, ხუთშაბათს ისრაელის ძალებმა შენობებს ალყა შემოარტყეს სროლის, ყუმბარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფონზე.

“ესაა ისრაელის ყველაზე სისხლიანი რეიდი ჯინინის ლტოლვილთა ბანაკში, დაახლოებით, ორი ათწლეულის მანძილზე”, — წერს ტელეკომპანია.

რეიდის დროს, სულ მცირე, ცხრა პალესტინელი მოკლეს, რომელთა შორის არიან როგორც შეიარაღებული პირები, ისე, მინიმუმ, ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

პალესტინელები ისრაელის რეიდისას დაზიანებულ არეალში. ჯინინი. 26.01.23 ფოტო: EPA

რეიდისას მოკლულთაგან ერთ-ერთია 61 წლის ქალი, მაგდა უბაიდი, რომლის ქალიშვილის თქმითაც, დედამისი ცხოვრობდა ისრაელის მიერ მიზანში ამოღებულ შენობასთან ახლოს. მის თანახმადვე, უბაიდმა ფანჯრიდან გაიხედა, რათა ენახა, რა ხდებოდა, რა დროსაც ტყვია კისერში მოხვდა.

ისრაელის არმიის მიხედვით, მისი ძალები ადგილზე ჩავიდნენ დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” “ტერორისტების” დასაპატიმრებლად, რომლებიც “მასიურ თავდასხმებს” გეგმავდნენ ისრაელელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ შენობას ალყა შემოარტყეს და სამი შეიარაღებული პირი “გაანეიტრალეს” მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელებმა ცეცხლი გახსნეს. ისრაელის თანახმად, მის ჯარისკაცებს სხვა პალესტინელი შეიარაღებულებიც ესროდნენ, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

პალესტინელები ქვებს ისვრიან ისრაელის რეიდის დროს. ჯინინი. 26.01.23 ფოტო: EPA

რეიდის შემდეგ, პალესტინის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რომელსაც შეზღუდული უფლებამოსილება აქვს დასავლეთ სანაპიროზე, თქვა, რომ აუქმებს ისრაელთან წარსულში გაფორმებულ შეთანხმებას უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის შესახებ. ხსენებული თანამშრომლობა გულისხმობს ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებას, შეიარაღებული მებრძოლების შეკავებასა და თავდასხმების აღკვეთას.

ადმინისტრაციამ ისრაელის რეიდს “ხოცვა-ჟლეტა” უწოდა.

დააკლიკეთ: ჯინინის ლტოლვილთა ბანაკზე მოკლედ

დასავლეთ სანაპიროზე, ჯინინის მუნიციპალიტეტში მდებარე ლტოლვილთა ბანაკი 1953 წელს გაჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თავდაპირველი ბანაკი ქარბუქმა გაანადგურა.

ჯინინის ბანაკში მრავალი ნაგებობა დაინგრა და დაზიანდა 2002 წელსაც, ე.წ. მეორე ინთიფადას(პალესტინელთა აჯანყება ისრაელის წინააღმდეგ 2000-2005 წლებში) დროს.

მაშინ, ე.წ. ჯინინის ბრძოლისას, დაიღუპა 52 პალესტინელი(როგორც მებრძოლები, ისე სამოქალაქო პირები) და 23 ისრაელელი ჯარისკაცი. ისრაელის მასობრივ ოპერაციას წინ უძღოდა პალესტინელთა მიერ თავის აფეთქებები და სხვა სახის თავდასხმები ისრაელში. თავდასხმელთა შორის არაერთი იყო ჯინინიდან.

ჯინინზე პალესტინის ადმინისტრაციის კონტროლი მცირეა, ტერიტორიაზე ისრაელის ოპერაციები კი — ხშირი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მის ქვეყანას სიტუაციის ესკალაცია არ სურს. მეორე მხრივ, ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების ძალებს მზადყოფნა უბრძანა.


BBC-ს თანახმად, მიმდინარე წელს ისრაელის ძალებმა მათ მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე 30 პალესტინელი, მათ შორის, შეიარაღებულები და სამოქალაქო პირები მოკლეს. არმია ოპერაციებს კვლავაც აგრძელებს.

გასულ წელს ამავე ტერიტორიაზე 150 პალესტინელი დაიღუპა — უმეტესობა ისრაელის ძალებმა დახოცეს. მოკლულები არიან როგორც უიარაღო მოქალაქეები, ისე შეიარაღებული პირები და თავდამსხმელები.

მეორე მხრივ, პალესტინელებისა და ისრაელელი არაბების მიერ 2022 წელს განხორციელებულ თავდასხმებს, ისევე როგორც შეიარაღებულთა მიერ გახსნილ ცეცხლს დაპატიმრებების მიზნით მოწყობილი რეიდების დროს, 30 ისრაელელი ემსხვერპლა. ეს რიცხვი მოიცავს სამოქალაქო პირებს, პოლიციელებსა და სამხედროებს.

ნეტგაზეთის არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი